ახალი ამბები

პაპუაშვილის თქმით, ბარიერის 2%-მდე დაწევა არ განიხილება

3 მაისი, 2023 • 1306
პაპუაშვილის თქმით, ბარიერის 2%-მდე დაწევა არ განიხილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი არ განიხილება.

ამის შესახებ პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. წამყვანმა მას ჰკითხა, წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თუ არა 2%-იანი ბარიერით, როგორც ეს თავის დროზე ირაკლი კობახიძემ დააანონსა. პაპუაშვილის თქმით, კობახიძის პირობა გასული წლის ივნისში კანდიდატის სტატუსის მოლოდინში იყო დადებული და „მომავალთან კავშირი არ აქვს“.

„არა, ბარიერის საკითხი არ განიხილება. მაშინ ის იყო იმ კონტექსტში ნათქვამი, ივნისში, როცა გადაწყვეტილებას ველოდით და ამას მომავალთან კავშირი არა აქვს“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

სინამდვილეში კობახიძემ ბარიერის დაწევაზე განცხადება გააკეთა 2022 წლის 7 ივლისს, როდესაც უკვე ჩავლილი იყო ევროპული საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო. კობახიძემ განაცხადა, რომ „[2022 წლის] დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად, 2024 წლის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება“.

მოგვიანებით ევროკავშირმა  საქართველოს კანდიდატობის საკითხის ხელმეორედ გარკვევა, თავდაპირველად დაანონსებული 2022 წლის დეკემბრის ნაცვლად, 2023 წლის ბოლომდე გადადო.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ბარიერის დაწევა სინამდვილეში მოიტანს არა პლურალიზმს, რისი მოლოდინიც ხელისუფლებას ჰქონდა 2020 წლის არჩევნებში, არამედ დესტრუქციულ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი სატელიტებს პარლამენტში.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, პარლამენტში არიან „მოქალაქეები“ და „გირჩი“, რომელსაც ხელისუფლება კონსტრუქციულ ოპოზიციად მიიჩნევს, პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ პარტიებისგანაც „ბოლო პერიოდში ვხედავთ აბსოლუტური აჟიტირებას საგამოძიებო კომისიის მიმართ“.

„დაბალი ბარიერი უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ხელოვნურ პლურალიზმს და ამავე დროს, მარგინალი პოლიტიკური ორგანიზაციების შესვლას პარლამენტში. მარგინალური პარტიების წახალისება პოლიტიკური სისტემის ამოცანა არ უნდა იყოს“, — განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს კონსტიტუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს.


ბოლო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ერთჯერადად, ბუნებრივი ბარიერის ფარგლებში ჩატარდა [120 დეპუტატი აირჩიეს პროპორციული, 30 მაჟორიტარული წესით].

კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად კი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, 5%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს.

2020 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით დადებული „შარლ მიშელის“ [იგივე 19 აპრილის] შეთანხმებით, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება, რომ გატარდებოდა საარჩევნო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ბარიერი განისაზღვრებოდა „ბუნებრივიდან 2%-მდე“.

თუმცა ეს შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის აგვისტოში დატოვა.

ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ საარჩევნო ბარიერს დაწევდა, თუმცა მალევე დაიწყო საუბარი არა 2, არამედ 3%-იან ბარიერზე.

ცვლილებები პარლამენტმა 2021 წლის სექტემბერში პირველი მოსმენით მიიღო, სადაც ბარიერად 2% განისაზღვრა, თუმცა მეორე-მესამე მოსმენა არ გამართულა და ძალაში არ შესულა.

„ოცნების“ თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში ბარიერს 2%-მდე დაწევს

მასალების გადაბეჭდვის წესი