საზოგადოება

„ოცნების“ თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში ბარიერს 2%-მდე დაწევს

7 ივლისი, 2022 • 1199
„ოცნების“ თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში ბარიერს 2%-მდე დაწევს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი იმ შემთხვევაში დაეთანხმება საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის დაწევას, თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, 2024 წლიდან საქართველოში უნდა ამოქმედდეს სრულად პროპორციული სისტემა 5%-იანი ბარიერით.

„იმის გამო, რომ 2%-იანი ან უფრო დაბალი ბარიერი ევროკავშირის მხოლოდ 2 ქვეუყანაში მოქმედებს, სტაბილურობის რისკებიდან გამომდინარე, ბარიერის დაწევა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკავშირის მხრიდან ვერ იქნებოდა წამოყენებული“, – განაცხადა კობახიძემ 7 ივლისს.

მისი განცხადებით, ასეთ პირობებში ბარიერის დაწევა რჩება „წმინდა პოლიტიკურ საკითხად და ჩვენი მხრიდან ამ ჭრილში იქნება მომავალშიც განხილული“.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ მაღალი ბარიერი ხელს აძლევს „ოცნებას“, დაბალი კი – „ნაციონალურ მოძრაობას“ და „მის სატელიტებს“.

„დაბალი ბარიერის დადგენა, რაც ენმ-სთვის ფორის მიცემას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ ამ ნაბიჯის სანაცვლოდ რაიმე ძალზედ მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ. ასეთი სარგებელი კი მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ერთი რამ – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეიძლება იყოს, რაც საქართველოში პოლარიზაციასაც არსებითად შეამცირებს“.

კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

„დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად, 2024 წლის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება“.


ბოლო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ერთჯერადად, ბუნებრივი ბარიერის ფარგლებში ჩატარდა [120 დეპუტატი აირჩიეს პროპორციული, 30 მაჟორიტარული წესით].

კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად კი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, 5%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს.

2020 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით დადებული „შარლ მიშელის“ [იგივე 19 აპრილის] შეთანხმებით, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება, რომ გატარდებოდა საარჩევნო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ბარიერი განისაზღვრებოდა „ბუნებრივიდან 2%-მდე“.

თუმცა ეს შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის აგვისტოში დატოვა.

ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ საარჩევნო ბარიერს დაწევდა, თუმცა მალევე დაიწყო საუბარი არა 2, არამედ 3%-იან ბარიერზე.

ცვლილებები პარლამენტმა 2021 წლის სექტემბერში პირველი მოსმენით მიიღო, სადაც ბარიერად 2% განისაზღვრა, თუმცა მეორე-მესამე მოსმენა არ გამართულა და ძალაში არ შესულა.

ამჟამად ირაკლი კობახიძე კვლავ მიუთითებს კონსტიტუციის არსებულ ჩანაწერზე, რომელიც 2024 წლიდან 5%-იან ბარიერს აწესებს, ბარიერის 2%-მდე დაწევასთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნულ ვალდებულებას იღებს არა ქართული ოპოზიციური პარტიების, არამედ ევროკავშირის წინაშე.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი დიდი ხანია, „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, მიიღოს ეს ცვლილებები.

ამასთან, მართალია, ევროკომისიას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 პირობის ჩამოყალიბებისას, არ დაუკონკრეტებია, როგორი საარჩევნო ბარიერი უნდა დაწესდეს, თუმცა ერთ-ერთ პირობად დაასახელა „პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება 19 აპრილის შეთანხმების [„შარლ მიშელის დოკუმენტის“] სულისკვეთებით პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით“. შარლ მიშელის შეთანხმება კი „ბუნებრივიდან 2%-მდე“ ბარიერს ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი