ახალი ამბები

“ქართული ოცნება” – 17%; ენმ – 5% — პარტიული რეიტინგები NDI-ის კვლევის მიხედვით

3 მაისი, 2023 • 1409
“ქართული ოცნება” – 17%; ენმ – 5% — პარტიული რეიტინგები NDI-ის კვლევის მიხედვით

NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 17%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება” დგას, 5%-ის შეხედულებებთან კი- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გასული წლის დეკემბერთან შედარებით 8%-ით დაკლებულია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საკუთარ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად “ქართულ ოცნებას” ხედავს, ენმ-ის შემთხვევაში კი ასეთი ადამიანების რიცხვი 1%-თაა შემცირებული.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, გასული წლის დეკემბერში შეკითხვაზე: “რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს”, — 13% სხვა პარტიებს ასახელებდა, ამჟამად კი ეს მაჩვენებელი 6%-მდეა შემცირებული. თუმცა ამ მონაცემების ფონზე მომატებულია პოლიტიკურად გადაუწყვეტელი მოსახლეობის რაოდენობა.

კერძოდ, შეკითხვაზე “რომელი პოლიტიკური პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს”, — 57% პასუხობს, რომ არცერთი. ეს მაჩვენებელი NDI-ის გასული წლის დეკემბრის კვლევასთან შედარებით 18%-ით გაზრდილია.

“მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას ან რომელსაც ხმას მისცემდა, საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება”, — ნათქვამია კვლევაში.

ასევე, კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, “ქართულ ოცნებას” 20% მისცემდა ხმას, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” — 5%, სხვა პარტიებს 6%, ხოლო არცერთ პარტიას ხმას არ მისცემდა 34%.

ამასთან, კვლევის თანახმად 47% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მმართველი პარტია ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ხოლო 61% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობებში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

ხოლო შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, გამოკითხულთა 64% უარყოფითად პასუხობს. ეს მაჩვენებელი გასული წლის დეკემბერთან შედარებით 3%-ით გაზრდილია, ხოლო ივლისთან შედარებით- 8%-ით.


კვლევა ჩატარდა 2023 წლის 17-23 მარტს, სატელეფონო ინტერვიუს ფორმატში. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოპასუხების დონემ შეადგინა 14%. ცდომილების ზღვარია +/- 2%.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. საველე სამუშაოები ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი