ახალი ამბებიკინო

„სამურაი დასვენების ჟამს” – უჟანრო, დაუსრულებელი ამბავი

29 მაისი, 2023 • 1244
„სამურაი დასვენების ჟამს” –  უჟანრო, დაუსრულებელი ამბავი

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კინოეკრანებზე გამოვიდა ლევან თუთბერიძის ახალი ფილმი „სამურაი დასვენების ჟამს“. არ შეგაშინოთ ამ უცნაურმა სათაურმა, მაგრამ არც იმედი გაგიჩინოთ. ამ მოჩვენებითად იდუმალებით მოცული სათაურის მიღმა არაფერი იმალება, გარდა სქემატური სიუჟეტისა და კვანძის გახსნისა. თუმცა იქამდე მისვლაა საჭირო, რაც შეიძლება, ერთი შეხედვით მარტივი ჩანდეს, თუმცა არც ისე იოლია.

იმავე მიზეზით, რთულია მონახო გზა ფილმზე სასაუბროდ, რადგან პერსონაჟთა კონფიგურაციის სქემა სქელტანიან, მოქმედი პირებით დახუნძლულ რომანს ეტოლება და ყურებისას მასში თუ არ დაიკარგე, შეგიძლია მშვიდად იყო. თუმცა ბოლომდე მშვიდად ვერ დარჩები, რადგან წარმოუდგენელია, გაოცება არ გამოიწვიოს სურათის უმეტესმა სცენებმა, რომლებიც სრულად აცდენილია დროს, კონტექსტს, პირველ ყოვლისა კი, თვითმყოფადობას.

ფილმის თხრობითი დრო ერთი დღე-ღამით შემოიფარგლება. ჩაკეტილობა უფრო მეტად უნდა ამძაფრებდეს მოქმედებას, მით უფრო, როცა ფილმი დეტექტიურია, ასეთია ჟანრის კანონი. თუმცა აკა მორჩილაძის სცენარი ჟანრის კანონში ვერ ეწერება. დაქსაქსული ხაზები, რომლებიც ერთ მთლიანობად უნდა შეიკრას ან ცალ-ცალკე ჰქონდეთ სათქმელი, გამაბეზრებელი, პირველ ყოვლისა კი, არაქმედითია. დიალოგები — ხშირად დაუჯერებელი და ხელოვნური. პერსონაჟები დროსა და სივრცეს მოწყვეტილნი არიან, ეს კი უფრო მძაფრად აღიქმება, როცა ფილმის აღწერაში ვკითხულობთ: „სამურაი დასვენების ჟამს“ სოციალური დრამაა, რომელიც გვიყვება ერთი ოჯახის  24 საათის განმავლობაში განვითარებულ ისტორიას.”

ბევრჯერ ნანახი სიუჟეტი, მთავარი ხაზით ორ ოჯახზე, აღგვიწერს ცოლ-ქმრის გაუფერულებულ ურთიერთობას, რომელთაც შვილი და ცალ-ცალკე საყვარლები ჰყავთ. პერსონაჟთა ხაზები იტოტება. თამუნასა (ნინო კასრაძე) და თემიკო ჭიჭინაძის პერსონაჟების შვილი კოკა რაგბისტია და საზღვარგარეთ მიდის კარიერის გასაგრძელებლად. თემიკო ჭიჭინაძის პერსონაჟის საყვარელი ადა კი შიზოფრენის მქონე ქმართან ცხოვრობს, რომელიც პენსიაზე გასული ჯარისკაცია და ვერ თმობს თავის ძველ ვნებას, ამიტომ სწავლობს სამურაის ოსტატობას.

ფილმი ვარჯიშის კადრით იხსნება, დათო (ოთარ სარალიძე) ესწრება კოკას (ანდრო ჭიჭინაძე) ბოლო ვარჯიშს, ფილმის მსვლელობისას აქცენტი მათ ურთიერთობაზე კეთდება. კოკას მწვრთნელები – რომ არ გამოეპაროთ მათი გუნდის მთავარი წევრის ჰომოეროტიკული კავშირები – შიშით ეკითხებიან, ვინ არის ბიჭი, რომელიც ესწრება მათ ვარჯიშებს. კოკა ჯიუტად უხსნის ყველას, რომ მისი მეგობარია. თუმცა  მეტისმეტად ცხადია სასიყვარულო გრძნობა, რომელსაც დათო მის მიმართ განიცდის.  რეჟისორისა და სცენარისტის პოზიცია სრულიად გაურკვეველია. ფილმის განმავლობაში არც ერთხელ არ ჩანს, რის წარმოჩენას ემსახურება ეს ხაზი. სტერეოტიპულად დანახული გეის სახე სრულად ირეკლება დათოში – მის ფემინურობაში, ჩაცმულობასა და  გაშიშვლებაში. შედეგად, სახეზეა დიალოგები და სცენები,  რომლებიც ფილმის მსვლელობისას იძენს ჰომოფობიურ ელფერს – ასეთია თამუნას და კოკას  სცენა, სადაც დედა პასუხს სთხოვს შვილს, რატომ დადის შიშველი ბიჭი მის ბინაში და ირონიით ეკითხება, ხომ არ უყვარს დათოს იგი, და საერთოდ, თვითონაც გეი ხომ არაა. კოკა კი უხსნის, რომ კი „წაიუცნაურებს”, მაგრამ გეი არც დათო არ არის.

ოჯახურ ხაზში თვითმყოფადობის ნიშანწყალი არ იგრძნობა, საყვარლების ურთიერთობაში არ ჩანს არანაირი გრძნობა და ემოცია, გარდა საყვარლებს შორის უხერხული კოცნისა და შოსტაკოვიჩის ფუგის ფონზე საჩუქრების გადაცემისა. სასიყვარულო ურთიერთობის მაქსიმუმი კი, – მას შემდეგ, რაც ადა თემიკო ჭიჭინაძის პერსონაჟს სახლში დაპატიჟებს,- მის მიერ შესრულებული შალახოს მოულოდნელი ცეკვაა, რომელიც იმ დაუჯერებელ სცენებში ეწერება, რაც აუცილებლად დაგამახსოვრდება ფილმიდან.

ამ ხელოვნურობაში ეწერება ადას პერსონაჟიც, რომელსაც ჩანაფიქრით ალბათ ქურთული ან/და სომხური აქცენტი უნდა ჰქონდეს, თუმცა იმდენად ყალბად ჟღერს მისი ყოველი სიტყვა, რომ ნატალია ყულოშვილის აქცენტი უხერხულობის გარდა არანაირ გრძნობას არ აღძრავს.  მისი პერსონაჟი, ცხადია, მუშაობს სადალაქოში, როგორც სოციალური ნიშანი და რეალობის ზუსტი ამსახველი დეტალი, თუმცა პერსონაჟს არანაირი თვითმყოფადობა არ გააჩნია. როგორც ჩანს, მთავარი მნიშვნელობის მატარებელი მხოლოდ მისი აქცენტია, რადგან სინტაქსურად ქართულად გამართულად მეტყველებს.

აღსანიშნია მთავარი პროტაგონისტის, ზაზას (ზუკა პაპუაშვილი) ხაზი, რომელიც ქურდულ ავტორიტეტს განასახიერებს. ზაზა იპარავს სამურაის სტატუეტს, რითაც იხსნება ფილმის კვანძი, ამ ქურდობას სიყვარულის მოტივით ეწირება თამუნას საყვარელი. დავით გოცირიძის პერსონაჟის ქმედებას  ვერ მოუძებნი ვერანაირ ახსნას გარდა კაცური გაგებისა, მით უფრო, რომ სტატუეტს არცერთი პერსონაჟისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. იმდენად უმნიშვნელოა ის, რომ რთული წარმოსადგენია, მისი ადგილიდან გაქრობა ვინმეს შეემჩნია, მათ შორის  მფლობელს. ხაზგასმული ადამიანურ -კაცური ღირებულებები, იმდენად უშინაარსო და არააქტუალურია, რომ ფილმთან ერთად იფერფლება, ფინალიც ზუსტად ირეკლავს სურათის უსაზრისობას. მოპარულ სტატუეტს, ესე იგი, სამურაის დასვენების ჟამს განასახიერებს შიზოფრენის მქონე სამურაი, რომელმაც მოკლა ცოლი, ცოლის საყვარელი და მეზობელი.

გაუგებარი მუსიკალური ფონი, დროისა და სივრცის არარსებობა, უკონტექსტობა, პერსონაჟების გამოშიგნულობა, დაქსაქსული კონფიგურაციის სქემები, რომლებიც მონტაჟის გამო კიდევ უფრო გაუგებარი ხდება, შეუძლებელს ხდის, ფილმი ჩაეწეროს რომელიმე ჟანრულ მახასიათებელში. დეტექტიური სოციალური დრამის ნაცვლად კი, გვთავაზობს დაუსრულებელ სურათს, რომელიც დაუმთავრებლობის მიღმა დისკრიმინაციულ ელფერს სძენს სოციალურ თემებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი