ახალი ამბები

პარტიის გამიზნულად დასუსტებისკენ მიმართული ნაბიჯები ვერ დარჩება უპასუხოდ – მელია

24 აპრილი, 2023 • 764
პარტიის გამიზნულად დასუსტებისკენ მიმართული ნაბიჯები  ვერ დარჩება უპასუხოდ – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიის ახალი მენეჯმენტი თავად ამყარებს რეჟიმს და შიდა არჩევნების დროს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს დევნის.

ამით მელია ეხმიანება ბათუმის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს. ენმ-ის აქტივისტების თქმით, პარტიის ახალმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ცესკოს უკვე გაუგზავნა წერილი, სადაც პარტიული სიიდან იმ ოთხი პირის ამოღებას ითხოვს, რომლებიც ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს.

როგორც ნიკა მელია ამბობს, ეს ნაბიჯები მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩვისა და დასუსტებისაკენ, რაც უპასუხოდ ვერ დარჩება.

„მაშინ როდესაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა საუბრობს ერთობაზე და ამტკიცებს, რომ პარტიის კარი ღიაა ყველასათვის, ვისაც უნდა ბრძოლა ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს! იწყებს რეპრესიას, დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს, ღიად მიუთითებს, რომ მათთვის არ არიან მისაღები ადამიანები, რომელთაც აქვთ პოზიცია, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება.

ამ ყველაფრით კი ბათუმში, ფაქტობრივად, ხალხს აგდებენ პარტიიდან, ხალხს, რომელიც 10 წელი ოპოზიციიდან დაუღალავად იბრძოდა და გაიმარჯვა ბათუმში! ეს ხალხი იბრძოდა ღირსებით და იბრძოდა სიმართლისათვის, ოლიგაქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩვისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისაკენ, ვერ დარჩება უპასუხოდ!

საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ამისათვის კი ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ღირებულებითი არჩევანი და ვიაროთ ღირსებისა და სიმართლის გზით, მხოლოდ ეს გზა დაამარცხებს ოლიგარქიას და ავტოკრატიას, მხოლოდ ამ გზას შეიძლება მივყავდეთ მომავლისკენ!“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.


„ნაციონალური  მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრების თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს ენმ-ის პარტიული სიიდან ამოიღო ის 4 ადამიანი, რომლებიც ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს შიდაპარტიულ არჩევნებში.

საქმე ისაა, რომ ბათუმის საკრებულოს მოქმედ წევრს ენმ-დან, ლაშა კილაბერიას უფლებამოსილება უწყდება – ის მექსიკის გავლით აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა. მის ნაცვლად  ბათუმის საკრებულოში შესვლა ლევან გორგილაძეს უწევს, რომელიც ენმ-ის ბათუმის საკრებულოს პარტიულ სიაშია. ლევან გორგილაძე ენმ-ის ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო და ეს პოზიცია მას შემდეგ დატოვა საკუთარი სურვილით, როცა ენმ-ის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.

თუ საბოლოოდ ეს 4 პირი პარტიული სიიდან ამოიღეს, ლაშა კილაბერიას ნაცვლად ბათუმის საკრებულოში ამირან დუმბაძე შევა.

ენმ-ის აქტივისტების თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ცესკოს უკვე გაუგზავნა წერილი, სადაც ლევან გორგილაძის გარდა, კიდევ სამი პირის პარტიული სიიდან ამოღებას ითხოვს: როინ დვალი, ელიზა ეფაძე და შორენა აბაშიძე. ეს ადამიანებიც ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი