ახალი ამბები

სამინისტროს თქმით, მზადაა, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებები დააფინანსოს

26 აპრილი, 2023 • 975
სამინისტროს თქმით, მზადაა, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებები დააფინანსოს

ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს პრესრელიზს, სადაც ნათქვამია, რომ უწყება მზადაა, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა სხვა თანმდევი დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა დააფინანსოს.

დღეს, 26 აპრილს, იშვიათი დაავადებების, მათ შორის, აქონდროპლაზიის მართვის მექანიზმებისა და შესაბამისი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით სპეციალური საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ჯანდაცვის სამინისტრომ კვლავ გაიმეორა არგუმენტი, რომ პრეპარატ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით, რომელიც აღიარებულია აშშ-ისა და ევროკავშირის მარეგულირებლის მიერ – არასაკამრისი მტკიცებულებებია.

უწყების თქმითვე, საბჭოს წევრებმაა ღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, შეფასდეს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების საჭიროებები და გადაწყვეტილებაც შესაბამისად იქნას მიღებული. სპეციალისტების მხრიდან ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული წამლის შესახებ ზოგ შემთხვევაში გადაჭარბებული მოლოდინებია და უფრო მნიშვნელოვანია აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების მკურნალობა.

„შეხვედრაზე სამინისტრომ კიდევ ერთხელ ცალსახად და მკაფიოდ დააფიქსირა პირობა, დააფინანსოს/დააორგანიზოს ამ დიაგნოზით ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ყველა საჭირო პროცედურები როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ“, – წერია პრესრელიზში.


პრეპარატ Voxzogo-ს (აქტიური ნივთიერება – ვოსორიტიდით) 2021 წელს აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA)ასევე ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) ავტორიზაცია მისცა. ეს პრეპარატი პირველია, რომელიც გამოიყენება სინდრომისა და მისგან გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ, თუმცა მის მიღება ეფექტურია მხოლოდ გარკვეულ დრომდე, მანამ, სანამ ე.წ. ზრდის პლატებია ღია ანუ დაახლოებით, 18 წლამდე. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები თბილისში საპროტესტო აქციებს მართავენ მოთხოვნით, რომ სახელმწიფომ შემოიტანოს და დააფინანსოს პრეპარატი.

ნახეთ ასევე:

თუ პრეპარატს შეიძენენ, მზად ვართ, ვმართოთ პაციენტები – ექიმი აქონდროპლაზიის წამალზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი