საზოგადოება

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი უკვე საქართველოშია

13 ნოემბერი, 2023 • 3752
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი უკვე საქართველოშია

აქონდროპლაზიის სამკურნალოო მედიკამენტი უკვე საქართველოშია. ამის  შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქონდროპლაზიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა გაავრცელა, შემდეგ კი ინფორმაცია “ნეტგაზეთს” იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, აქონდროპლაზიის მედიკამენტი ნამდვილად მიიღეს უკვე იაშვილის კლინიკაში და დაიწყება მისი გამოყენება.

ივანე ჩხაიძის თქმით, ამ მედიკამენტით აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მკურნალობა მხოლოდ იაშვილის კლინიკაში მოხდება. ჩხეიძე დასძენს, რომ სამედიცინო დაწესებულებამ ინდივიდუალურად მიაწოდა ინფორმაცია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, ამჟამად ქვეყანაში შემოტანილია აქონდროპლაზიის სინდრომიის მქონე ოთხი ბავშვისთვის სამყოფი დოზა.

აქონდროპლაზიის დიაგნოზი – რევოლუციური წამალი და გამოწვევები საქართველოში

“ თან ვიცინი, თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ, ზეგამდე რომ არ გითხრათ. რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ. დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ჯანდაცვის სამინისტროს. წამალი დაიდო! “, – წერს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი მაკუნა გოჩიაშვილი.  ის ერთ-ერთია იმ მშობელთაგან, რომლებიც თვეების განმავლობაში მართავდნენ აქციებს და აქოდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანას სთხოვდნენ ხელისუფლებას.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლები. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

2023 წლის აპრილში მშობლებმა უწყვეტი პროტესტი დაიწყეს მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის საქართველოში შემოტანის მოთხოვნით. ისინი ღამესაც კანცელარიასთან ათენებდნენ.  მათ პროტესტს არაერთი მოქალაქე შეუერთდა.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების აქცია პარლამენტთან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მთავრობა, რომელიც თავდაპირველად აცხადებდა, რომ მედიკამენტის გამოყენებას დამატებითი კვლევები სჭირდებოდა, მოქალაქეების პროტესტის ფონზე საბოლოოდ დათმობაზე წავიდა. 2023 წლის სექტემბერში ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შესყიდვისა და ქვეყანაში მისი 2023-2024 წლების განმავლობაში ეტაპობრივად დანერგვისთვის 10.5 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი