ახალი ამბები

სახელმწიფო 10.5 მილიონი ლარის აქონდროპლაზიის წამალს ყიდულობს

20 სექტემბერი, 2023 • 1631
სახელმწიფო 10.5 მილიონი ლარის აქონდროპლაზიის წამალს ყიდულობს

ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შესყიდვისა და ქვეყანაში მისი 2023-2024 წლების განმავლობაში ეტაპობრივად დანერგვისთვის 10.5 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, საწყის ეტაპზე, 2023 წელს, მკურნალობის პროგრამაში უნდა ჩაერთოს 5-6 პაციენტი, ვისთვისაც „შესაძლებლობის ფანჯარა“ შედარებით ხანმოკლეა, ასევე, მძიმე კლინიკური გამოვლინებების მქონე შედარებით ადრეული ასაკის პაციენტები.

მედიკამენტი თავდაპირველად მხოლოდ თბილისში იქნება ხელმისაწვდომი:

„ამასთან, მედიკამენტის ინექციები უნდა ჩატარდეს მულტიპროფილურ კლინიკაში დღის სტაციონარის პირობებში. გეგმის თანახმად, ამ ეტაპზე „ვოსორიტიდით“ მკურნალობის პროგრამა განხორციელდება მხოლოდ თბილისში, 2024 წლიდან ეტაპობრივად მოხდება მომლოდინე პაციენტების ჩართვა ასაკობრივი ზღვრის და „შესაძლებლობის ფანჯრის“ გათვალისწინებით“, — ვკითხულობთ გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მედიკამენტი ყველა ბენეფიციარისთვის ხელმისაწვდომი დაახლოებით 2024 წლის მესამე კვარტლის დასაწყისში იქნება. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში გენეტიკურად დადასტურებული აქონდროპლაზიის დიაგნოზი 19 ბავშვს აქვს.

23 მაისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო პროგრამით სამკურნალო იშვიათ დაავადებებს აქონდროპლაზიის დიაგნოზი დაემატა. ამის პარალელურად, ერთწლიანი პროტესტისა და რამდენიმეკვირიანი აქციების შემდეგ, დაიწყო შეხვედრა სახელმწიფოს წარმომადგენელთა და აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლებს შორის.

პრეპარატ Voxzogo-ს (აქტიური ნივთიერება – ვოსორიტიდით) 2021 წელს აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) ავტორიზაცია მისცა. ეს პრეპარატი პირველია, რომელიც გამოიყენება სინდრომისა და მისგან გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ, თუმცა მის მიღება ეფექტურია მხოლოდ გარკვეულ დრომდე, მანამ, სანამ ე.წ. ზრდის პლატებია ღია ანუ დაახლოებით, 18 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი