ახალი ამბებიეკონომიკა

გერმანული „ჰაიდელბერგცემეტი“ საქართველოს ბაზრიდან გადის

26 აპრილი, 2023 • 17749
გერმანული „ჰაიდელბერგცემეტი“ საქართველოს ბაზრიდან გადის

კომპანია „ცემენტ ინვესტმა“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის, ირაკლი რუხაძის „ჰანიველ პარტნერზისა“ და დავით ბეჟუაშვილის ოჯახის ინტერესებს წარმოადგენს, სრულად გამოისყიდა Heidelberg Materials-ის წილი „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა“ და „თერჯოლა კარიერში“ (ერთობლივად „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“).

ინფორმაციას ამის შესახებ „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“ ავრცელებს.

„მას შემდეგ, რაც 2017 წელს Heidelberg Materials და „ცემენტ ინვესტი“ პარტნიორები გახდნენ, ერთობლივი მენეჯმენტის ქვეშ „ჰაიდელბერგცემენტ საქართველომ“ წარმატებით განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი წარმადობისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის კლინკერის წარმოების ახალი მშრალი მეთოდით მოქმედი ქარხანა კასპში. ამ უკანასკნელმა ინვესტიციამ, რომლის მოცულობამ 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, კომპანიას ტექნოლოგიურ გარდატეხასთან ერთად მოუტანა ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება და უპრეცედენტო ზრდა“, — აცხადებს „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“ და დასძენს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში შეინარჩუნებს სავაჭრო სახელსა და ყველა იმ ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელსაც კომპანიას აქამდე „ჰაიდელბერგ მატერიალზი“ უწევდა.

სამომავლოდ შესაძლოა, ბრენდის ცვლილება მოხდეს.

ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელი კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“ მსოფლიოს 60 ქვეყანაში 3000 ქარხნითა და 60000-ზე მეტი დასაქმებულითაა წარმოდგენილი. „ჰაიდელბერგცემენტი“ საქართველოში 2017 წელს შემოვიდა და კომპანიის ცნობით, 200 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“ მართავს ცემენტის სრული ციკლის წარმოების ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში, ინერტული მასალების ორ საწარმოს, ცემენტის ტერმინალს სუფსაში და ბეტონის თოთხმეტ სტაციონალურ და მობილურ ქარხანას მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანია „ცემენტ ინვესტის“ ინვესტორები ფლობენ და მართავენ კომპანიებს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის: წარმოების, სასტუმრო ინდუსტრიის, ფინანსური ინსტიტუტების, მედია და ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი