ახალი ამბებისაზოგადოება

რატომ უნდა მოითხოვო ევროკავშირთან ინტეგრაცია ახლა

26 აპრილი, 2023 • 1610
რატომ უნდა მოითხოვო ევროკავშირთან ინტეგრაცია ახლა

საქართველოს დღეს აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს და წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

„ახლა“ – ეს არის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი კამპანია, რომელიც დაიწყო კოალიციამ – „ინფორმაციის სანდოობისთვის“.

ამ კამპანიის მიზანია, დამატებითი სტიმული მისცეს საზოგადოების ძალისხმევას, მოითხოვოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ქმედითი ნაბიჯები და რეფორმები ახლა.

კოალიციამ შეისწავლა, თუ რა გავლენა იქონია ევროკავშირში გაწევრიანებამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე.

მაგალითად, ევროკავშირის წევრობიდან:

  • 2,5 წელში ლიეტუვაში უმუშევრობის მაჩვენებელი განახევრდა 
  • ესტონეთში სიცოცხლის ხანგრძლივობა 6 წლით გაიზარდა
  • სლოვაკეთში 6 წელიწადში პენსიები გაიზარდა
  • 3 წელიწადში ბულგარეთში საშუალო ხელფასი გაორმაგდა

რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს ევროკავშირში შესვლით და რა სარგებელი ექნებათ მოქალაქეებს მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ნაწილი გახდება? – ამ საკითხებზე ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის [ISET] კვლევითი ინსტიტუტის წამყვან ეკონომისტს, გიორგი პაპავას ვესაუბრეთ.

„ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას, რაც მოიცავს ყველა ტიპის სოციალურ ინდიკატორს თუ ეკონომიკურ მაჩვენებელს. განსაკუთრებით- ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხოება, გარემოს საკითხები, რაშიც მნიშვნელოვნად ჩამორჩება დღეს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს, მათ შორის იმ ქვეყნებს, რომლებიც ბოლოს გაწევრიანდნენ ევროკავშირში“, – ამბობს გიორგი პაპავა.

 

გიორგი პაპავა

მისივე თქმით, მეორე მთავარი მამოძრავებელი ამ მიმართულებით იქნება დემოკრატიული თუ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ის სტანდარტი, რაც არის ევროკავშირში, მის ქვეყნებში და რასაც უზრუნველყოფს ამ საერთო პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეში ყოფნა – სადაც არ არის ერთი ქვეყნის მიერ განსაზღვრული თამაშის წესები, არამედ საერთო წესებია:

„შესაბამისად, უფრო მეტად სამართლიანია, უფრო მეტად დაცულია როგორც ინდივიდუალური თავისუფლებები, ასევე ბიზნესის კეთების უფლება; არის უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი, კონკურენტული, ასევე უკეთესი სოციალური გარემო და გამჭვირვალე სახელმწიფო პოლიტიკა“.

უმუშევრობის დონე, ზოგადად, ძალიან ბევრ პარამეტრზეა დამოკიდებული.

გიორგი პაპავას თქმით, იგივე გზა რომ გაევლო საქართველოს, რაც იმ 10-მა ქვეყანამ გაიარა, რომლებიც ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანდნენ, საქართველოში დღეს დაახლოებით 90 000-ით  ნაკლები უმუშევარი ადამიანი იქნებოდა, ვინაიდან „იმ დროისთვის ძალიან მსგავსი საწყისი მაჩვენებელი გვქონდა“.

„ეს მოდელირებაა და არ ნიშნავს აპრიორი, რომ ზუსტად იგივე განმეორდებოდა. თუმცა პირველი და  უმთავრესი – უნარებზე აცდენა, რაც არის სამუშაო ძალასა და ბიზნესის მოთხოვნებს შორის, და მუშახელის კვალიფიკაცია გაცილებით უფრო მაღალია ევროკავშირის ქვეყნებში, ვიდრე საქართველოში.

მეორე საკითხია ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში იზრდება მუშახელის პროდუქტიულობა უფრო სწრაფი ტემპებით, ვიდრე ჩვენ ეს აქამდე გვქონდა. მუშახელის პროდუქტიულობის გაზრდა კი განაპირობებს იმას, რომ უფრო მიმზიდველია მისი დასაქმება, იზრდება მათზე მოთხოვნა და, ბუნებრივია, იზრდება სამუშაო ადგილები. ეს გავლენას ახდენს უმუშევრობაზე. ჩვენ ბოლო 20 წელია არ გვაქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უმუშევრობის შემცირების კუთხით“ ,- ამბობს ეკონომისტი.

დასაქმებაზე, თავის მხრივ, დამოკიდებულია შემოსავლები და, ზოგადად, საშუალო ხელფასი ქვეყანაში. გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ საქართველოში შემოსავლები არათანაბრადაა გადანაწილებული, რისი მთავარი მიზეზიც ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი საერთოდ არ არის ეკონომიკურად აქტიური. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ის არც კი ეძებს სამსახურს.

ეკონომისტის განმარტებით, ეს განპირობებულია იმით, რომ ადამიანში არ არის განცდა, რომ მისთვის მისაღებ დასაქმების შესაძლებლობას [სამსახურს] იპოვის. 

2022 წლის ბოლო კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 3 მილიონი ზრდასრული მოსახლეობიდან 1,57 მილიონია მხოლოდ დასაქმებული, ანუ 52 პროცენტი.

აქ შედის პენსიონერების ნაწილიც, მაგრამ დასაქმების კონტექსტში მაინც ძალიან შთამბეჭდავია ის, რომ ზრდასრული მოსახლეობის 48 პროცენტი ეკონომიკური დოვლათის შექმნაში არ მონაწილეობს და არც განიხილავს მონაწილეობის მიღებას. 

„ეს რას ნიშნავს – როცა ჩვენ ვლაპარაკობთ თანასწორობაზე, ამ ადამიანების დიდი ნაწილი დამოკიდებულია სახელმწიფოს სოციალურ დახმარებაზე [მხოლოდ მცირე ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს დაგროვილი რაღაც კაპიტალი]“, – ამბობს გიორგი პაპავა და დასძენს, რომ „აქედან ვუბრუნდებით თემას – როგორ უნდა გამდიდრდეს ქვეყანა ? – ამისთვის ევროკავშირში გაწევრიანება გაცილებით უფრო მიმზიდველია“.

ვინაიდან ევროკავშირის წევრობა – ეს არის მეტი მიმზიდველობა ინვესტიციებისთვის; უფრო მეტი პროგნოზი იქნება სახელმწიფოს პოლიტიკაში; მეტად იქნება დაცული კერძო საკუთრება; ბიზნესის კონტექსტში კი, უფრო ნაკლები ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან.

„შეიძლება დღეს ბიზნესის კეთებით საქართველო ითვლება გამორჩეულად წინ წასულ ქვეყნად, მაგრამ თუ დავაკვირდებით, დროთა განმავლობაში ეს რეიტინგი ნელ-ნელა გვიუარესდება. ინვესტორებს, ადგილობრივ ბიზნესებს, ისევე როგორც უცხოელებს, დამატებითი გარანტიები სჭირდებათ და ეს გარანტიები არის სწორედ ევროკავშირის ერთიან სისტემაში  – ბიუჯეტის გამჭვირვალობიდან დაწყებული [რაშიც საკმაოდ წინ ვართ], მაგრამ არის იგივე კორუფციის თემები, სასამართლოს დამოუკიდებლობა – აქ კითხვის ნიშნები იმიტომ აღარ იქნება, რომ უკვე სხვა თამაშის წესები იქნება და სხვა დაცულობის სისტემაში ვიქნებით ინტეგრირებული“, – ამბობს პაპავა.

ევროკავშირის ქვეყნებში უფრო სწრაფი ტემპით იზრდება პენსია, ვიდრე საქართველოში. პენსიები ერთ ვალუტაში უნდა შევადაროთ. ეს ბოლომდე სწორი შეიძლება არ იყოს, მაგრამ შესაძლებელია საპენსიო სისტემების და ცვლილებების შედარება.

გიორგი პაპავას თქმით, იმ ქვეყნებში, რომლებიც ბოლოს გაწევრიანდნენ ევროკავშირში, პენსია ევროში იზრდებოდა საშუალოდ 20 პროცენტით, საქართველოში კი, ლარში პროცენტულად იზრდებოდა მეტად, თუმცა, ევროში თუ გადავიტანთ – ფაქტობრივად, ცვლილება არ არის.

ამასთან, როცა ჩვენ გვაქვს დაგროვებითი პენსია, იმისთვის, რომ ეს სისტემა მეტ ადამიანზე აისახოს, მნიშვნელოვანია, მეტმა ადამიანმა მიიღოს ანაზღაურება დაქირავებით. თუმცა, როცა დაბალია დასაქმება და მაღალია უმუშევრობის დონე, შესაბამისად, ცოტა ადამიანი რჩება ამ სისტემაში.

გიორგი პაპავა ამბობს, რომ 2022 წელს მხოლოდ 870 ათასი ადამიანი იყო დაქირავებით დასაქმებული, ანუ მხოლოდ ისინი ახერხებენ თანხის საკუთარი პენსიისთვის დაგროვებას:

„თუ სწრაფად არ გაიზრდება ეკონომიკა, დიდი ხნის განმავლობაში ვერც სოციალურ პენსიას გაზრდი ამ ტემპით, იმიტომ, რომ  იზრდება პენსიონერთა რიცხვი და გიჭირს მათი შენახვა“.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ქვეყანაში პენსიის ალტერნატიული დაგროვების სისტემები და ასევე კერძო საპენსიო სისტემების განვითარება. „რისთვისაც ჯერ გჭირდება დაქირავებით დასაქმებული ბევრი ადამიანი, რათა მათ პენსიის დაგროვება შეძლონ.“

პენსიის ოდენობა ევროკავშირში 15-ჯერ შეიძლება აღემატებოდეს პენსიას საქართველოში. განსხვავება ძალიან დიდია და კიდევ, რაც მნიშვნელოვანია, არის დიდი განსხვავება იმაში, თუ ხელფასის რა ნაწილის ჩანაცვლებას ახერხებენ ადამიანები ამ პენსიის დაგროვებისთვის. 

„მთავარი ამოცანა სწორედ ისაა, რომ ადამიანს პენსიაზე გასვლისას ჰქონდეს ცხოვრების ის დონე, რაც მას დასაქმებულობის პერიოდში ჰქონდა.

განვითარებულ ქვეყნებში პენსიონერები დანაზოგით ახერხებენ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ ცხოვრების დონე –  უფრო მეტი დახარჯონ დასვენებაზე, გართობაზე და ა.შ. საქართველოში სიტუაცია ასე ნამდვილად არ არის, ვიდრე, ვთქვათ, იმავე ევროკავშირის ქვეყნებში“, – ამბობს გიორგი პაპავა.

გიორგი პაპავას თქმით, ანალოგიური მონაცემების შედარებით ირკვევა, რომ ევროკავშირში დაახლოებით 8 წლით მეტია სიცოცხლის ხანგრძლივობა, ვიდრე საქართველოში [მაგალითად, 2020 წელს საქართველოში სიცოცხლის საშუალი ხანგრძლივობა იყო 72,8 წელი, ევროკავშირის ქვეყნებში კი – 80,5 წელი]. 

„ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს –  გარემოს ხარისხი, გზებზე უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, შემოსავლები, სიღარიბის დონე, ჯანდაცვის სფერო, და ა.შ. ყველა ეს ფაქტორი გვაძლევს ამ სხვაობას“, – ამბობს ეკონომისტი.

მისივე თქმით, ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ევროკავშირის წევრობამ ხელი შეუწყოს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მათ შორის ინდივიდუალური დამსაქმებლების დონეზე, ვინაიდან აქ უფრო ფართო სივრცე იხსნება დასაქმებისთვის.

პაპავა ამბობს, რომ  ევროკავშირის წევრობა მეტი შესაძლებლობა იქნება ზოგადად ბიზნესისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იქ სხვა თამაშის წესებია და გაცილებით უფრო კონკურენტული გარემო. მაგრამ თუ შევძელით კონკურენტუნარიანობა, შემდეგ უკვე სრულიად ახალი დონის შესაძლებლობები გაგვიჩნდება.

„ცხადია, თუ ეს ვერ გამოვიყენეთ და დიდწილად სოფლის მეურნეობის სექტორში ადამიანების დასაქმების იმედად დავრჩით, არ გავზარდეთ პროდუქტიულობა, თუ არ გადავიდნენ ადამიანები მომსახურების სფეროში, ინდუსტრიულ სექტორებში და თვითონ ამ სექტორებში თუ არ დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები, მაშინ ნაკლები შანსი გვაქვს. მაგრამ როცა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უნარებზე ვლაპარაკობთ, როცა ხარ ამ საერთო ეკონომიკური სივრცის წევრი, ეს, ბუნებრივია, ახალ შესაძლებლობებს გაძლევს“, – აცხადებს გიორგი პაპავა.

ეკონომისტის აზრით, ევროკავშირის წევრობა გვინდა იმისთვის, რომ გავიზარდოთ მათზე უფრო სწრაფად. ვინაიდან, მაგალითად, ევროკავშირში უკვე მაღალი პროდუქტიულობის მქონე საწარმოებს აღარ აქვთ იმ მასშტაბის შესაძლებლობა, წინ წაიწიონ, როგორიც აქვთ ქართულ ბიზნესებს, რომლებიც ძალიან დაბალ დონეზე არიან, იგივე სოფლის მეურნეობაში.

„საქართველოში რეფორმების განხორციელებით პროდუქტიულობას რამდენჯერაც გაზრდი, იმდენჯერ იმავეს გერმანიაში ვერ გააკეთებ – იქ ეს რეფორმები უკვე განხორციელებულია და მიღწეულია მაღალ ნიშნულს. ამიტომ, იმ დაშვებით, რომ საქართველოს კერძო სექტორი მოახდენს იმ მიმართულებების იდენტიფიცირებას, სადაც ექნება კონკრეტული უპირატესობა – შესაძლებლობები არის ძალიან მაღალი. მათ შორის, ევროპული ინვესტიციების მოზიდვით. როდესაც შენ ევროკავშირის წევრი ხარ, გაცილებით უფრო მეტი ინტერესი აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებს აქ ინვესტიციების ჩადების“, – ამბობს გიორგი პაპავა.

მისივე აზრით, ამ შემთხვევაში გაცილებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დეკლარირებული და რეალურად განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკა – იქნება ეს განცხადებების დონეზე, კონტექსტის დონეზე, რეფორმების დონეზე თუნდაც, რასაც ნამდვილად უფრო თანმიმდევრულს და უკეთესს ვისურვებდით.

„მაშინ, როდესაც დეკემბერში უნდა გვითხრან პასუხი კანდიდატის სტატუსზე, ამ დროს არ უნდა შემოიტანო კანონი, რომელსაც შენ გარდა ყველა რუსულ კანონს ეძახის, და მერე ამით დაიზიანო რეპუტაცია. ანუ არის რიგი გადაწყვეტილებები საქართველოს ხელისუფლების, რომელიც ქვეყნის რეპუტაციას ვნებს.

პირდაპირ ევროკავშირის, მისი ქვეყნების ელჩების, მინისტრების, პარლამენტარების დონეზე გვითხრეს, რომ ამას ნუ აკეთებთ, ეს არ არის ევროპული გზა, ეს არ არის ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ და ასე არ გააკეთოთ – მაინც გავაკეთეთ, რაც არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა.“

გიორგი პაპავა აცხადებს, რომ „მართალია, რეფორმებს იმ ტემპით ვერ ვახორციელებთ, რა ტემპითაც ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ გაცილებით უფრო კრიტიკული ამ პროცესში არის სახელმწიფო პოლიტიკის არამკაფიოობა და რიგ შემთხვევებში სრულიად აუხსნელი ნაბიჯები. ეს კი ნამდვილად არ ასხამს ჩვენს წისქვილზე წყალს, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ვსაუბრობთ.“


მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zink Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი