ახალი ამბები

ანტიკრუფციული მოძრაობა: თბილისის ცენტრში ქოლ-ცენტრები ისევ ფუნქციონირებს

21 აპრილი, 2023 • 1536
ანტიკრუფციული მოძრაობა: თბილისის ცენტრში ქოლ-ცენტრები ისევ ფუნქციონირებს

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ანტიკორუფციული მოძრაობის ვარაუდით, ქოლ-ცენტრები თბილისის ცენტრში, „ატრიუმის“ ბიზნესცენტრში ფუნქციონირებს.

გუშინ ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლები მივიდნენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან მდებარე ბიზნესცენტრში, შემდეგ კი პოლიციას დაურეკეს და შენობაში, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების ფუნქციონირების შესახებ აცნობეს.

„თუ ადგილობრივი გამოძიება ეროვნულ დონეზე არ გამოარკვევს მფარველებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ გერმანული გამოძიება აუცილებლად გავა მფარველებზე. მფარველობის გარეშე თბილისში ასეულობით ოფისი ოპერირებდეს და ფულს ჰპარავდეს ევროპელ პენსიონერებს, წარმოუდგენელია. ხელისუფლების ვალდებულებაა, ასეთი რამ არ ხდებოდეს და ის, რომ მათ უნდათ ისარი გადაიტანონ კეზერაშვილზე, ოპოზიციაზე, ყველაზე, გარდა საკუთარი თავისა, არის მინიმუმ უპასუხისმგებლობა და მაქსიმუმ, თავად არიან ამ მძიმე დანაშაულის ორგანიზატორები“, — განაცხადა ლაშა ფარულავამ, ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენელმა.

„ატრიუმის“ ბიზნეს-ცენტრში განთავსებულია საოფისე ფართები. ანტიკორუფციული მოძრაობის ინფორმაციით, ბიზნესცენტრში დალუქეს ორი ოფისი, რომლებიც უცხოელებს ჰქონდათ დაქირავებული. აღნიშნულ ოფისებში დასაქმებული პირები ამბობენ, რომ კომპიუტერულ პროგრამირებით არიან დაკავებულები და ქოლ-ცენტრების შესახებ არ სმენიათ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ „მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ამ ეტაპზე აღნიშნულ ობიექტებზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“. დამატებით დეტალებს უწყებაში არ ახმაურებენ.

საქართველოში მიმდინარეობს გამოძიება ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე.

ბრიტანული BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

თავად კეზერაშვილი საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან კავშირი არასდროს ჰქონია.

კეზერაშვილი გლობალური თაღლითური ქსელის უკან დგას – BBC-ის გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი