ახალი ამბები

„ოცნების“ პროცედურული ხრიკები დროებითი საგამოძიებო კომისიის წინააღმდეგ

20 აპრილი, 2023 • 944
„ოცნების“ პროცედურული ხრიკები დროებითი საგამოძიებო კომისიის წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტში რამდენიმე დღეა, ვერ ხერხდება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი საპარლამენტო ოპოზიციაა, მოწინააღმდეგე კი, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა. ამიტომ, ისინი კომისიის შექმნას ხელს პროცედურული ხრიკებით უშლიან.

ხრიკები საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ

იმისათვის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, პარლამენტში კენჭისყრა უნდა გაიმართოს და საკითხს მხარი, მინიმუმ, 50-მა დეპუტატმა დაუჭიროს. კენჭისყრამდე კი საჭიროა სხდომაზე, სადაც მას კენჭი ეყრება, ქვორუმი შედგეს, რომლისთვისაც რეგისტრაცია, მინიმუმ, 76-მა დეპუტატმა უნდა გაიაროს.

თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში 76 დეპუტატი არაა. ამით სარგებლობს საპარლამენტო უმრავლესობა და იმისათვის, რომ კომისია არ შეიქმნას, კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობს. შესაბამისად, საჭირო ქვორუმი არ იკრიბება და კომისიის შექმნას კენჭი ვერ ეყრება.

როგორც წესი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე კენჭსაყრელი საკითხია ხოლმე. იმის გამო, რომ ქვორუმი არ დგება, პარლამენტი კენჭს ვერც სხვა საკითხებს უყრის. ასე მოხდა, მაგალითად, 19 და 20 აპრილსაც. ვინაიდან საგამოძიებო კომისიის შექმნა კენჭსაყრელ საკითხთა სიაში რჩება, მისი დაბლოკვის მიზნით უმრავლესობას რამდენიმე პროცედურული ხრიკის გამოყენება შეუძლია:

  1. უმრავლესობა შეეცდება, რომ კომისიის შექმნას ხელი ისევ ქვორუმის საშუალებით შეუშალოს. ამ შემთხვევაში კენჭისყრების დაწყებამდე უმრავლესობამ რეგისტრაცია საერთოდ არ უნდა გაიაროს და კენჭი არც სხვა საკითხებს უყაროს. იმისათვის, რომ სხვა საკითხების კენჭისყრა არ შეაფერხონ,  პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, უშუალოდ კომისიის კენჭისყრამდე შესვენება გამოაცხადოს, შესვენების შემდეგ კი უმრავლესობამ რეგისტრაცია არ გაიაროს;
  2. საგამოძიებო კომისიის შესაქმენალად ოპოზიციას სჭირდება, რომ კენჭისყრისას პარლამენტში 50 დეპუტატი ჰყავდეს და, შესაბამისად, სხდომებზე მუდმივად მობილიზებული იყოს. ამიტომ, შესაძლოა, უმრავლესობა დაელოდოს მომენტს, როცა პარლამენტის სხდომაზე 50-ზე ნაკლები ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება და კომისიის შექმნას კენჭი სწორედ მაშინ უყაროს და საკითხი ასე ჩააგდოს.

თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ საგამოძიებო კომისია მაინც შეიქმნება, უმრავლესობას შეუძლია კომისიის მუშაობა შექმნის შემდეგაც შეაფერხოს.

ხრიკები საგამოძიებო კომისიის მუშაობის შესაფერხებლად

დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების შესახებ კონსტიტუციასა და პარლამენტის რეგლამენტში განსხვავებული ჩანაწერია, რამაც შესაძლოა, დაბრკოლება შექმნას.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით.

კონსტიტუციის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და  ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.

პარლამენტის რეგლამენტით კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

ამ მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ორი ფრაქციაა: ფრაქცია „ქართული ოცნება“ და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

კომისიის შექმნის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია მისი მუშაობაც შეაფერხოს. კერძოდ, რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის უმრავლესობა.

ასევე, დროებითი საგამოძიებო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა. თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად მიიჩნევა.

შესაბამისად, არსებულ ვითარებაში, თუ არ იარსებებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება, დროებითი საგამოძიებო კომისია ან ვერ შეიქმნება, ან მისი მუშაობა მნიშვნელოვნად შეფერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი