ახალი ამბები

„არავითარ შეცდომას ადგილი არ ჰქონია“ — დეგნანი მოსამართლეების სანქცირებაზე

19 აპრილი, 2023 • 3011
„არავითარ შეცდომას ადგილი არ ჰქონია“ — დეგნანი მოსამართლეების სანქცირებაზე

„არასდროს არის სასარგებლო, როდესაც მხარეები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სესიებს“, — ასე ეხმაურება აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ხელის შეშლას „ოცნების“ მიერ.

მისი თქმით, აშშ ყოველთვის ემხრობა საპარლამენტო საქმიანობას.

„ამ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ ვთქვით, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს სასამართლო სისტემაში კორუფციის შესახებ ბრალდებები, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა გააკეთა განცხადება, რომ არ იყვნენ კარგად ინფორმირებული, მინდა ძალიან ცხადად ვთქვა, არავითარ შეცდომას ადგილი არ ჰქონია. ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია კორუფციულ აქტივობებში ჩართულობისთვის ამ ოთხი ინდივიდისთვის სავიზო სანქციის დაწესების საფუძველში. ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შევაგროვეთ ინფორმაცია (რომლის უმრავლესობა საჯაროდ ხელმისაწვდომია) იქამდე, სანამ ამას ჩავუშვებდით სისტემაში, რომელიც სახელმწიფო მდივნამდე მიდის“, — განაცხადა დეგნანმა.

ელჩი დეგნანი არ ფიქრობს, რომ აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს შეუშლის. მისი თქმით, პირიქით, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ კორუფციისადმი ბრძოლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი საკუთარი ერთგულება დაამტკიცოს და თავად გამოიძიოს ბრალდებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დეგნანმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მართლმსაჯულების პროგრამები ღია რჩება კვალიფიციური მოსამართლეებისთვის.

„ჩვენ არასდროს დაგვიბარებია მოსამართლეები ან მოგვითხოვია [რამე]. ეს არის ტყუილი. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული გაცვლითი პროგრამები და სასწავლო ვიზიტები, რომელშიც ძალიან ბევრმა ქართველმა მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა. უცნაურია იმის თქმა, რომ შენ სოლიდარული ხარ ქართველი მოსამართლეების, რომელთა უმრავლესობა არის პროფესიონალი და სურს კანონის შესაბამისად მუშაობა, ოთხი პირის დაცვით, რომლის კორუფციაში მონაწილეობის შესახებ დამაჯერებელი ინფორმაციაა. კორუფციაში ჩართული მოქალაქეების დაცვა არ არის პროფესიონალი მოსამართლეების დაცვა და მათდამი სოლიდარობა“, — დასძინა დეგნანმა.

ოპოზიციის მიერ პარლამენტში ინიციირებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით. საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რისთვისაც ოპოზიციის ხმები საკმარისია. მმართველი გუნდი ზედიზედ ორი დღეა საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობს, თუმცა კენჭისყრების დაწყებამდე რეგისტრაციას არ გადის და ხელოვნურად აგდებს ქვორუმს, რათა საგამოძიებო კომისიის საკითხი კენჭისყრაზე არ დადგეს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამით მმართველი გუნდი სოლიდარობას უცხადებს ქართველს მოსამართლეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი