ახალი ამბები

„მთიან რეგიონში ვმუშაობთ და შესაძლებელია, განვითარდეს ასეთი პროცესები“ — რა ხდება რიკოთზე

13 აპრილი, 2023 • 1359
„მთიან რეგიონში ვმუშაობთ და შესაძლებელია, განვითარდეს ასეთი პროცესები“ — რა ხდება რიკოთზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი „იმედის დილის“ ეთერში რიკოთის უღელტეხილზე განვითარებულ პროცესებზე განმარტებას აკეთებს. დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, პრობლემურია ორი მაგისტრალის, 149-ე და 147-ე მონაკვეთები.

კერძოდ, გიორგი წერეთლის თქმით, სოფელ ხევთან გზატკეცილის 149-ე კილომეტრზე მონიტორინგის შედეგად მეწყრული პროცესები გამოვლინდა და გზის აღნიშნული მონაკვეთის გადაკეტვა პრევენციული მიზნებისთვის მოხდა. რაც შეეხება მეორე პრობლემურ მონაკვეთს, მაგისტრალის 147-ე კილომეტრს, იქ, წერეთლის თქმით, გზის სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობისას ქვათაცვენა დაფიქსირდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზეც მოძრაობა 24 საათით გადაიკეტა:

„ორი განსხვავებული შემთხვევა იყო. პირველი 149-ე მონაკვეთზე რაც იყო, მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა მეწყრული პროცესები და იმისათვის, რომ თავიდან აგვერიდებინა ინციდენტები, მივიღეთ გადაწყვეტილება, იმ მომენტში დაგვეკეტა და შეგვესწავლა, თუ რა ხდებოდა. არსებობდა საშიშროება, რომ მეწყერი ჩამოსულიყო გზასთან ახლოს.

ორივე ეს მონაკვეთი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ეს არის რიკოთის გვირაბიდან დასავლეთის მიმართულებით, დაახლოებით, სოფელ ხევამდე მონაკვეთი. 149-ე კილომეტრთან არაფერი ჩამოსულა, მაგრამ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ბზარები გაჩნდა. ამიტომ დავკეტეთ, შევისწავლეთ, მივიღეთ შესაბამისი რეკომენდაციები, გადმოვწიეთ გზა, ე.წ. დამაგროვებელი, გავაკეთეთ ბუფერული ზონა, რაიმეს ჩამოსვლის შემთხვევაში საფრთხე რომ არ შექმნილიყო, და უკვე შემდგომ გავხსენით მოძრაობა.

147-ე კილომეტრს რაც შეეხება, აქ ჩვენ სამშენებლო სამუშაოებს არ ვაწარმოებდით, სიახლოვეს მიმდინარეობდა სამუშაოები. დილის საათებში იქ შევნიშნეთ ქვათა ცვენა. ეს ტერიტორიაც დავკეტეთ. ჩვენი პროვოცირების შედეგად ჩამოვიდა ქვის მასა. 24 საათის განმავლობაში აქაც გავაფართოეთ გზა და შევქმენით დამცავი ზონა. შესაბამისი სამუშაოების შემდეგ გუშინ აღვადგინეთ მოძრაობა“, — აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

გიორგი წერეთლის თქმით, საპროექტო გადაწყვეტილებები ითვალისწინებს ყველა პრობლემური ფერდის დამუშავებასა და გამაგრებას ადგილზე არსებული გრუნტების მახასიათებლებიდან გამომდინარე, თუმცა, ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, შესაძლებელია, საფრთხეებისგან თავის არიდების მიზნით, უღელტეხილის ამ ან სხვა მონაკვეთებზე გადაადგილება დროებით კვლავ შეიზღუდოს ხოლმე:

„ყველა ეს ფერდი დასამუშავებელია. საპროექტო გადაწყვეტილებით არის შესაბამისი ზომები მიღებული, თუ რა უნდა გაკეთდეს შემდგომ და როგორ უნდა გამაგრდეს გრუნტების მახასიათებლებიდან გამომდინარე. უბრალოდ, ეს არის სამშენებლო პროცესი და ვინაიდან მთიან რეგიონში ვმუშაობთ და მთას ვეხებით, შესაძლებელია, განვითარდეს ასეთი პროცესები. საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით მოგვიწევს ხოლმე რიკოთის მონაკვეთის დროებით ჩაკეტვა, ვინაიდან ახლა ვართ ზუსტად იმ მომენტში, როცა გზასთან ძალიან ახლოს მთებს ვჭრით.

როცა სამთო გზები კეთდება და მთიან რეგიონში ვმუშაობთ, ასეთი ინციდენტები შესაძლებელია, უბრალოდ, ჩვენ ვართ ფრთხილად, რომ თვიდან ავირიდოთ მოსახლეობის დაზიანება“ ,— აცხადებს გიორგი წერეთელი.

მისი თქმით, ამჟამად უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგენილია. კერძოდ, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი გადაადგილებას რიკოთის უღელტეხილზე 7:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე შეძლებს, 19:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე კი ნაკადს გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე გადაამისამართებენ. 21 საათიდან 06:00 საათამდე უღელტეხილზე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი