ახალი ამბები

დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობის საკითხზე

13 აპრილი, 2023 •
დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობის საკითხზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ყოფილ თანაგუნდელის, ხატია დეკანოიძის კრიტიკას პასუხობს და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

რა ხდება?

აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციამ  სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით პრეზიდენტს მიმართა, რომ  11 აპრილს რიგგარეშე სხდომა დაენიშნა. კომისიის შექმნისთვის საჭირო მინიმუმ 50 ხმა იყო.

თუმცა პრეზიდენტისთვის მიმართვიდან რამდენიმე საათში გაირკვა, რომ ოპოზიცია კომისიის შექმნისთვის საჭირო ხმებს ვერ აგროვებდა, რადგან ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ – საქართველო დატოვა და, შესაბამისად, 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შემთხვევაში ვერ დაესწრებოდნენ.

ამის გამო ყოფილი თანაგუნდელები გააკრიტიკა ხატია დეკანოიძემ. მისი თქმით, ორი დეპუტატის წასვლის შესახებ ოპოზიციამ საღამოს გაიგო, როცა პრეზიდენტთან მიმართვა უკვე გაგზავნილი იყო.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომელიც ოპოზიციას კიდევ უფრი მძიმე მდგომარეობაში აგდებს. მე ვიტყოდი – სასაცილო მდგომარეობაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

თუმცა ხატია დეკანოიძე ენმ-ის ლიდერს მანამდეც აკრიტიკებდა. ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების დროს ამბობდა, რომ ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარისთვის საჭირო კვალიფიკაცია „ნაკლები ხარისხით“ აქვს.

მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარე გახდა, დეკანოიძემ რამდენიმე დღეში ჯერ ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, ორ თვეში კი პარტიიდანაც წავიდა.

ენმ-იდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად დეკანოიძემ ენმ-ის მიერ გამოცხადებული საპარლამენტო ბოიკოტი დაასახელა. მისი თქმით, შეუთანხმებლობა ჰქონდა პარტიის მენეჯმენტთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე და მათ შორის ერთ-ერთი ეხებოდა პარლამენტის ბოიკოტირებას.

სად იყო დეკაონოიძე რუსული კანონის განხილვის დროს?

რუსული კანონის პირველი საკომიტეტო განხილვა 2 მარტს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გაიმართა, რომელსაც, მიუხედავად ბოიკოტისა, ენმ-ის წევრებიც ესწრებოდნენ. მათ შორის ლევან ხაბეიშვილიც, რომელიც პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად ფიზიკურ დაპირისპირებებშიც მონაწილეობდა.

ხაბეიშვილის თქმით, მაშინ, როცა ენმ-ის წევრები რუსული კანონის წინააღმდეგ კომიტეტებზე ფიზიკურად იბრძოდნენ, ხატია დეკანოიძე მაიამიში იმყოფებოდა. ამის შესახებ მან 12 აპრილს „ტვ პირველზე“ ისაუბრა.

„ხატია უპასუხიმგბელობაზე ლაპარაკობდა და თქვენს ეთერში [ტვ პირველის] იჯდა და რუსულ კანონთან დაკავშირებით ამბობდა, რომ ბოიკოტში რომ არის „ნაციონალური მოძრაობა“, ცუდია და უნდა შევიდე კომიტეტზეო. სანამ გავიდოდა[პარტიიდან], 10 დღე ალაპარაკა ყველა, რომ ენმ-ში არის დაპირისპირება და აზიანა პარტია[…] როცა რუსული კანონის განხილვა იყო კომიტეტში, სად იყო იცით ხატია დეკანოიძე? – მაიამიში, საქართველოში არ იყო და ვინ იყო იცით კომიტეტის განხილვაზე ფიზიკურ დაპირისპირებაში? – ლევან ხაბეიშვილი, თემურ ჯანაშია, დავით ხაჯიშვილი…

დიახ, ორივე კომიტეტზე ჩვენ ფიზიკურად ვიბრძოდით და ხატია არ ყოფილა არცერთ კომიტეტზე და ეს არის სიმართლე და ერთმანეთთან ტალახის სროლას მოვეშვათ. აშშ-მა თქვა, რომ არის კორუმპირებული კლანი, რა უნდა გამოვიძიოთ დამატებით, მე არ ვიცი, მაგრამ ოპოზიციის ინიციატივაა და ჩვენ არასდროს ხელს არ ვუშლით. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები ექნება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

2 მარტის საკომიტეტო მოსმენას ხატია დეკანოიძე მართლაც არ ესწრებოდა. დეკანოიძის თქმით, ამ დროს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენციაზე იყო მიწვეული.

„ალბათ, უხერხულია განხილვებში შესვლა, მაგრამ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ეს იყო მარტენსის კონფერენცია, რომელზე მე მიმყავდა ერთ-ერთი პანელი. კონფერენციაზე ასევე იყო გია ბარამიძეც. ყველას გვევალება კომიტეტზეც ყოფნა და პარლამენტზე ყოფნაც. როდესაც პირდაპირ ეთერში ადამიანები გაიგებენ, რას აკეთებს კონკრეტული მოსამართლე და როგორ უსამართლოდ იქცევა, „ქართული ოცნების“ გარიგებები როცა იქნება თვალნათელი, ეს იქნება საზოგადოების მგრძნობელობის ძალიან სერიოზული გაზრდა, რაც არის მნიშვნელოვანი, მე ამიტომ ვუჭერ მხარს საგამოძიებო კომისიას“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ ხატია დეკანოიძემ.

თუმცა ხაბეიშვილის განცხადება, რომ დეკანოიძე რუსული კანონის განხილვისას არცერთ კომიტეტს დასწრებია, არასწორია. პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა ორჯერ გაიმართა, პირველად- 2 მარტს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მეორედ კი- 6 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, რომელსაც ხატია დეკანოიძეც ესწრებოდა.

დეკანოიძე ასევე ესწრებოდა 7 მარტს გამართულ პლენარულ სხდომას, სადაც საპარლამენტო უმრავლესობამ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი