ახალი ამბები

ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარისთვის კვალიფიკაცია ნაკლები ხარისხით აქვს – დეკანოიძე

22 ნოემბერი, 2022 • 1104
ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარისთვის კვალიფიკაცია ნაკლები ხარისხით აქვს – დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარისთვის საჭირო კვალიფიკაცია „ნაკლები ხარისხით“ აქვს. ამის შესახებ მან „ტვ პირველზე“ ისაუბრა.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, მას გადაწყვეტილი აქვს, ვის დაუჭერს მხარს ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში, თუმცა არ დაასახელა, ვის ემხრობა. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, რომელიც უნდა მოიაზრებოდეს როგორც ხელისუფლების ალტერნატივა და პრემიერ-მინისტრი.

„მე არ ვიცი, ვის ვინ უჭერს მხარს, ყოველ შემთხვევაში, ეს ლევანის გადასაწყვეტია, ვის გამოიყვანს ასპარეზზე, რა დოზით უჭერენ მხარს, როგორ უჭერენ, რა არის არის მისი დამოკიდებულება. მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს კამპანია რომ გაიხსნება, მერე ალბათ უფრო მეტი გახდება ცნობილი, მაგრამ მე ლევანს, როგორც ანტიკორუფციულ აქტივისტს, ვცემ ძალიან დიდი პატივს, იგი არის ჩვენი დეპუტატი, ჩვენი მეგობარი. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მას კვალიფიკაცია, რაც უნდა ჰქონდეს თავმჯდომარეს, გაცილებით ნაკლები ხარისხით აქვს. მე არ ვამბობ კონკრეტულად პოლიტიკოსისთვის, ვიდრე შეიძლებოდა მე მესურვა, ვთქვათ, ახალი თავმჯდომარისთვის “,- თქვა ხატია დეკანოიძემ.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, ენმ-ის თავმჯდომარეს ორი ამოცანა აქვს: მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლბა და ასევე ქართულ პოლიტიკაში „ახალი სიტყვის“ თქმა. მისი თქმით, ახალ თავმჯდომარესთან ექნება კითხვა, თუ როგორ წარმოუდგენია ერთთვიანი გეგმა მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადასაწყვეტად.

ამასთან დეკანოიძე ამბობს, რომ თუ პარტია აღნიშნულ ამოცანებს ვერ შეასრულებს, მის ადგილს ენმ-ში ვეღარ ხედავს.

„თუ ჩემი პარტია ვერ შესრულებს და მე პირადად არ შევასრულებ იმ ამოცანას, რომელიც გვაკისრია ამომრჩევლების მიმართ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ნიკასიც [გვარამია] და თუ ჩემი პარტია აღარ იტყვის ახალ სიტყვას ქართულ პოლიტიკაში, მე ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ ამ პარტიაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი მუმლაძემ და ლევან ხაბეიშვილმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი