ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე აქვეყნებს განცხადებას მილიარდერსა და შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისს“ შორის მიმდინარე დავაზე.
კალანდაძის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკი და მის მიერ დაარსებული ტრასტი „აცნობიერებენ, რომ მათმა უკანონო და დანაშაულებრივმა ქმედებებმა გამოიწვიეს ზიანი“, თუმცა „მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან ხელოვნული დაბრკოლებები“, რათა გააჭიანურონ ვალდებულებების შესრულება, ან სულაც არ შეასრულონ ვალდებულებები.
როგორც იურისტი ამბობს, ბენეფიციარებმა [მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილიც] გადაწყვიტეს ტრასტის ლიკვიდაცია. კალანდაძის განმარტებით, გამონაკლის შემთხვევებს, რომლებიც ლიკვიდაციას ხელს შეუშლიდა, ადგილი არ ჰქონდა. თუმცა ტრასტის ლიკვიდაცია მაინც ვერ შედგა, რის გამოც ბენეფიციარებმა მიმართეს სასამართლოს:
„ტრასტის ლიკვიდაცია უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, [მაგრამ] ტრასტმა უარი განაცხადა აღნიშნულ შეთანხმებაზე და მიუთითა, რომ ტრასტის ლიკვიდაციისთვის საჭირო იყო სასამართლოსთვის მიმართვა“.
ამგვარი სასამართლო, კალანდაძის განმარტებით, „ერთდღიანია“, მაგრამ – „[ტრასტმა] უსაფუძვლო და ხელოვნური სტრატეგიული ნაბიჯებით მიაღწია საქმის განხილვის გაჭიანურებას“.
განცხადების მიხედვით, სასამართლომ ტრასტის ლიკვიდაციას მხარი დაუჭირა, რამაც ივანიშვილს დაუბრუნა წვდომა „აქტივებზე, მათ შორის ფულადი სასხრების დიდ ნაწილზე“, მაგრამ გადაყწვეტილება წერილობითი ფორმით ჯერ არ არის ჩაბარებული, რის შედეგადაც:
„ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების, აქტივებზე წვდომის, პრაქტიკული რეალიზება. ამდენად, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას“.
განცხადების ბოლოში კალანდაძე წერს, რომ „მაქსიმალურად შეეცდებიან საზოგადოების ინფორმირებას“ საქმესთან დაკავშირებით.
ლაშა კალანდაძე არის იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი (2006-13) და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (2005-06). 2017 წლიდან – იურიდიული კომპანია „მეტრიკის“ დამფუძნებელი პარტნიორი.
მისი ბოლო განცხადება ივანიშვილის ადვოკატის რანგში 15 თებერვლით თარიღდება, პირველი – 8 თებერვლით.
როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, „კრედიტ სუისის“ კონკურენტი „იუ-ბი-სი“-სთვის მიყიდვის მიუხედავად, ივანიშვილის წარმომადგენლები დავასთან დაკავშირებით ერთ თვეზე მეტხანს დუმდნენ.
ივანიშვილის წარმომადგენლებმა „კრედიტ სუისთან“ კიდევ ერთი დავის დაწყების შესახებ საჯაროდ 2022 წლის მაისში განაცხადეს, ივანიშვილისთვის კუთვნილი თანხების არგადაცემის გამო.
ივანიშვილის მხარის თანახმად, ბანკი თანხის არგაცემას ჯერ „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკურ ვითარებით“, შემდეგ კი ევროპარლამენტის რეზოლუციით ხსნიდა, რომელშიც იყო მოწოდება ყოფილი პრემიერის სანქცირებისკენ.
პოლიტიკურ შანტაჟზე, „საქართველოს ომში ჩათრევის“ კონტექსტში, საუბრობდნენ მმართველი გუნდის წევრები და მხარდამჭერებიც.