ახალი ამბები

პირადად ჩემი თხოვნის მიუხედავად სანქცირებაზე მტკიცებულებები არ მომაწოდეს – ქადაგიძე აშშ-ზე

10 აპრილი, 2023 • 1852
პირადად ჩემი თხოვნის მიუხედავად სანქცირებაზე მტკიცებულებები არ მომაწოდეს – ქადაგიძე აშშ-ზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ეხმიანება აშშ-ის მიერ ქართველ მოსამართლეთა სანქცირებას.

ქადაგიძე ამბობს, რომ პირადად მისი თხოვნის მიუხედავად, ამ გადაწყვეტილების დასაბუთება აშშ-მა არ მიაწოდა.

დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი მან და ქადაგიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ქადაგიძის თქმით, მისთვის სამწუხაროა – „რომ მაღალმა პოლიტიკურმა ვნებებმა და ამის მცდელობამ გადმოინაცვლა სასამართლოში, სხვანაირად ჩემთვის გაუგებარია ის უპრეცედენტო და გაუგებარი გადაწყვეტილება“. ამასთანავე, იგი ამბობს, რომ სასამართლოში არცერთ ეტაპზე არ ყოფილა ისეთი „რეალური, ისეთი ნამდვილი და ისეთი ხელშესახები მიღწევა“, როგორიც დღესაა და არასდროს ყოფილა სასამართლო კორუფციისგან ასე თავისუფალი.

„პირადად ჩემი თხოვნის მიუხედავად, მე არ მომეწოდა არათუ დასაბუთებული მტკიცებულებები, არამედ ვარაუდიც კი და მინიშნებები იმის თაობაზე, თუ რა გახდა ჩემი კოლეგების კორუფციაში დადანაშაულების საფუძველი. ამიტომ მე მათ ვუცხადებ თანადგომას“, – დასძენს ის.

ქადაგიძის თქმითვე, ის შიშობს, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ხელშემშლელი არ იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მისივე თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემა „ყველა ასპექტში, ყველა პარამეტრში“ წინ უსწრებს არაერთ მეზობელ ქვეყანას.

„შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა აქვე ვთვლი, რომ შეცდომის აღიარება ეს არის მხოლოდ ძლიერის თვისება და აქედან გამომდინარე ვიტოვებ დიდ იმედს, რომ შესაბამისი თანამდებობის ან უწყებების მხრიდან ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება.

დადგა ის ეტაპი, როდესაც მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში, ყოველ შემთხვევაში ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნეს შემუშავებული, რაზეც ბატონ ირაკლის ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და აგრეთვე მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას“, – თქვა ქადაგიძემ და მადლობა გადაუხადა ღარიბაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

5 აპრილს 4 მოსამართლე , მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და მათი ოჯახები აშშ-ის სანქციების ქვეშ მოყვა – „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“. აღნიშნულთან დაკავშირებით ღარიბაშვილს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი