ახალი ამბები

ღარიბაშვილი: როგორც პრემიერი, მოვითხოვ, ყველამ პატივისცემით მოიხსენიოთ მოსამართლეები

10 აპრილი, 2023 • 2426
ღარიბაშვილი: როგორც პრემიერი, მოვითხოვ, ყველამ პატივისცემით მოიხსენიოთ მოსამართლეები

„როგორც პრემიერ-მინისტრი, მოვითხოვ, ყველამ დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე“ — ასე მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა დასვა, თუ რისგან იცავდა პრემიერ-მინისტრი სასამართლოს:

„ჯერ ერთი, თქვენ, როგორც მოქალაქეს, უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას და მე გთხოვთ, ყველამ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე და მიმართოთ პატივისცემით. ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, და მოგიწოდებთ იყოთ კორექტული და კორექტულად მიმართოთ ადამიანებს“, — აცხადებს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, როგორც მთავრობის მეთაური, მაქსიმუმს გააკეთებს, რათა სასამართლო დაცული იყოს როგორც საშინაო, ასევე საგარეო გავლენებისგან:

„მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა, და მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში, ევროკავშირის წევრ 11 და ნატოს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს. სასამართლოს მიმართ ჩვენი მოქალაქეების ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც არ იყო თქვენი ტელევიზიის მეპატრონის მმართველობის დროს. რაც შეეხება ჩემს ნათქვამს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე, როგორც მთავრობის მეთაური, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ სასამართლო იყოს დაცული როგორც საშინაო, ასევე საგარეო ჩარევებისგან“, — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ჟურნალისტების კითხვებს ღარიბაშვილმა უზენაეს სასამართლოში გამართული შეხვედრის შემდეგ უპასუხა. პრემიერ-მინისტრი უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეებს ხვდებოდა. პრემიერთან შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა მას შემდეგ მოითხოვა, რაც სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის რამდენიმე წევრი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა. სანქცირებულთა შორისაა საბჭოს მოქმედი წევრი ლევან მურუსიძეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი