ახალი ამბები

“ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს “, – ზურაბიშვილი თავის ღონისძიებაზე

9 აპრილი, 2023 •
“ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს “, – ზურაბიშვილი თავის ღონისძიებაზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 9 აპრილს სხვადასხვა პროფესიის ქალებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ “ვიღაცები” ამ შეხვედრაზე “არ მიუშვეს” და უთხრეს, რომ მათთვის იქ ყოფნა სასურველი არ იყო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ქვეყნის გაძლიერებისთვის ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრისას თქვა.

“ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს თურმე ვიღაცებმა გაავრცელეს, რომ აქ თურმე პარტიას ვაშენებდი. დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი. ან [ვაკეთებდი] რაღაც მოძრაობას. მოძრაობა თუ იქნება, ეს იქნება თქვენი მოძრაობა იმიტომ, რომ მომავალი არის თქვენი და თქვენი შვილების. მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი, არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათა შორის. დრო არის, რომ ერთად ვიყოთ და ვთქვათ უარი დაყოფაზე.

ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ თურმე სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის აქ ყოფნა სასურველი, როცა ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ თარიღს, იწვევს სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ ყველას იმისთვის, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი და ჩვენ თუ ერთიანობას ავაშენებთ ამდენ თარიღზე, შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ კიდეც”, – მიმართა პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს.

“ნეტგაზეთი” პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა შეკითხვით, თუ ვის გულისხმობდა პრეზიდენტი მათში, ვინც “არ მიუშვეს” ღონისძიებაზე და ვისთვისაც “სასურველი არ იყო იქ ყოფნა”. ასევე ვკითხეთ, იყვნენ თუ არა ღონისძიებაზე მიწვეული “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ქალები, რაზეც ადმინისტრაციამ გვიპასუხა, რომ ყველა შეხვედრაზე ყველა პარლამენტარი ქალი იყო მიწვეული, თუმცა ზუსტად ვინ მივიდა ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

პარლამენტის დეპუტატები “ქართული ოცნებიდან” არ ჩანან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ღონისძიების მონაწილე სტუმრების ფოტოებში. “ნეტგაზეთი” რამდენიმე მათგანთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ჩვენი ზარებისა და მოკლეტექსტური შეტყობინებისთვის არ უპასუხიათ.

იმის დასაზუსტებლად, მიწვეული იყვნენ თუ არა “ქართული ოცნების” დეპუტატი ქალები პრეზიდენტის ღონისძიებაზე “ნეტგაზეთი” მმართველი პარტიის პრესსამსახურის უფროსს, გიორგი გრძელიშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა ჩვენს შეკითხვაზე ოფიციალური პასუხის ნაცვლად გრძელიშვილმა გვითხრა, რომ პერსონალური მოსაწვევები “პარტიის დონეზე არ წყდება “ქართულ ოცნებაში” და მიგვითითა, რომ “ეგეთი შეკითხვები ხაბეიშვილის პრესსამსახურს” დავუსვათ.

პრეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე დააჯილდოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი