ახალი ამბები

პრეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე დააჯილდოვა

9 აპრილი, 2023 • 4384
პრეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა დღეს, 9 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა პროფესიის ქალები ესწრებიან.

ნანა მახარაძე არის 9 აპრილის მონაწილე ქალი, რომლის ცნობილი ფოტო დროშით საქართველოსა და მსოფლიოში ცნობილი გახდა, ხოლო ნანა მალაშხია არის წელს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილე, ქალი ევროკავშირის დროშით.

ნანა მალაშხიას პრეზიდენტმა ღირსების მედალი გადასცა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის, ხოლო ნანა მახარაძეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის.

“მისი [ნანა მახარაძის] სურათი გასცდა ჩვენს საზღვრებს და მთელს მსოფლიოში მას იცნობენ, როგორც 9 აპრილის სახეს.

ის [ნანა მალაშხია] გახდა საქართველოს ევროპული მომავლის სახე და გავიდა ჩვენს საზღვრებს იქით და ამით დავანახეთ მსოფლიოს რა არის საქართველო, რა უნდა საქართველოს და რა უნდათ ქართველ ქალებს.

ახლა მათ დავაჯილდოებთ, მაგრამ ეს ჯილდო პერსონალური არ არის, ეს ეეძღვნება ყველა იმ ქალს, რომელიც ამ და სხვა პერიოდებში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს მომავლისთვის. ეს ორნი არიან ამის სახეები და მათ ვიწვევ აქ”, – განმარტა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ღირსების მედალს გადასცემს ნანა მახარაძეს

დაჯილდოების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ თავად ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია. მათ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, თუ რომ ქართველი ხალხის ნება არის ევროკავშირის წევრობა, რისთვისაც ბრძოლა კვლავ გრძელდება:

“ეს 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და აუცილებლად, მე ამაყი ვარ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, სადაც იყო თავისუფლება და სადაც იყო ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი რა თქმა უნდა ევროპისკენაა”, – აღნიშნა მახარაძემ.

“მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, რომ დღეს დგახართ საქართველოს მოქალაქეების გვერდით და კარგად გესმით ჩვენი ხალხის დაკვეთა, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრ. იმ ევროპული ოჯახისა, სადაც არსებობს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისგან თავისუფალი, სადაც სრულად დაცულია მედიის თავისუფლება, ქალთა უფლებები, უმცირესობების უფლებები, უამრავ სხვა სიკეთესთან ერთად, რასაც ქვეყნის უსაფრთხოება, კეთილდღეობა ჰქვია”, – მიმართა პრეზიდენტს მალაშხიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი