“თბილისში მოსალოდნელი საპროტესტო აქციების [სავარაუდოდ, იგულისხმება 9 აპრილს თბილისში ოპოზიციის დაგეგმილი აქცია] გამო, აფხაზეთმა საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტა”, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა.

სოხუმის ცნობითვე, ჰუმანიტარული შემთხვევების გარდა, გადაადგილებაზე აკრძალვა აფხაზეთში ყველას შეეხება.

“უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებთან” დაკავშირებით საქართველოში დაწყებულმა აქციებმა აფხაზეთში ვნებათაღელვა გამოიწვია. რამდენიმე კვირის წინ დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებდა, რომ ხელისუფლების დამხობისა და მეორე ფრონტის გახსნის მიზნით აქციები საქართველოში აპრილ-მაისში იგეგმება. შესაბამისად, ბჟანია აფხაზეთის მიერ მიღებულ უსაფრთხოების ზომებზე საუბრობდა. საქართველოში მოსალოდნელ “გადატრიალებაზე” აცხადებდა დე ფაქტო საგარეო მინისტრი ინალ არძინბაც.

“საქართველოში აპრილ-მაისში ფართომასშტაბიანი აქციებისთვის ემზადებიან” – ბჟანია

“საქართველოში გადატრიალება იგეგმება” – არძინბა


“მეორე ფრონტის” გახსნის თემა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელების მიერ უკრიანაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. “ქართული ოცნების” კონკრეტული წევრები საჯარო განცხადებებში დასავლეთს “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაში ადანაშაულებენ. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მეორე ფრონტის გახსნის თემა მოგონილი და ტყუილია, რითაც პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს. ე.წ. მეორე ფრონტის რისკებზე, საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის გარდა, პერიოდულად საუბრობენ სოხუმსა და ცხინვალში.