ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საქართველოში აპრილ-მაისში ფართომასშტაბიანი აქციებისთვის ემზადებიან” – ბჟანია

21 მარტი, 2023 • 2102
“საქართველოში აპრილ-მაისში ფართომასშტაბიანი აქციებისთვის ემზადებიან” – ბჟანია

21 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პოლიტიკური პარტია “ამცახარას” ყრილობაზე სოხუმში განაცხადა, რომ საქართველოდან მომდინარე საფრთხეების გამო აფხაზეთი მობილიზაციისთვის ემზადება.

“უკიდურესად რთული საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ვითარებაა. რუსეთი იძულებულია, სპეციალური სამხედრო ოპერაცია აწარმოოს. ჩვენი მოკავშირის წინაააღმდეგ 50-ზე მეტი სახელმწიფო იბრძვის, მათ შორის- ევროპა და აშშ. ამ ფონზე ამავე ძალებს სურთ საქართველოში ხელისუფლების დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზნით საქართველოში, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური აქციებისთვის ემზადებიან. დღეს ვითარება ბევრად რთულია, ვიდრე ეს 2008 წელს იყო. ამ ვითარებაში გვჭირდება რუსეთთან და მის რეგიონებთან მუდმივი და მრავალმხრივი მჭიდრო ურთიერთობები. აუცილებელია შემჭიდროებულ ვადებში გადავჭრათ ის საკითხები, რომლებიც უსიამოვნო ფონს ქმნის ჩვენს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, და ეს საკითხები ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი”.

ბჟანიას თქმითვე, რუსეთთან თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შესაძლებლობები, რომელიც ჯერ კიდიევ 2014 წლის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, სათანადოდ გამოყენებული არ ყოფილა.

ამ მხრივ, ბჟანიამ მაგალითად მოიყვანა ოჩამჩირის სოფელ მარკულაში ერთობლივი სამხედრო ბაზის მშენებლობის შესახებ 2019 წლის გადაწყვეტილება, რომელიც არ განხორციელებულა.

ამასთან, ბჟანიამ თქვა, რომ არსებობს კონკრეტული ნაბიჯებიც, რომელთა შესახებაც საჯაროდ ვერ ისაუბრებს.

“ჩვენ ვატარებთ მასშტაბურ სამუშაოს სამობილიზაციო და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზაობის გასაზრდელად. ომი არ გვჭირდება, მაგრამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. ჩვენს მოძმე რუსეთთან ერთიანობით”.

“მეორე ფრონტის” გახსნის თემა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელების მიერ უკრიანაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. 2023 წლის გაზაფხულზე მოსალოდნელი აქციების შესახებ კი პირველად, ასევე, საქართველოს მმართველი გუნდის წევრებმა ისაუბრეს.

“ჩვენ ვიცით, რომ მათ უნდათ გააძლიერონ ძალისხმევა რევოლუციისკენ; უნდა გააძლიერონ და ახლო მომავალში, გაზაფხულიდან იგეგმება ჩვენი ინფორმაციით საპატრიარქოს და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული კამპანია… გააძლიერონ ომის პროპაგანდისკენ ძალისხმევა. ეს ყველაფერი რომ უნდა გააძლიერონ და ეს ვიცით” ,- აცხადებდა  მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 7 მარტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი