ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საქართველოში გადატრიალება იგეგმება” – არძინბა

8 მარტი, 2023 • 2358
“საქართველოში გადატრიალება იგეგმება” – არძინბა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ აშშ-ს აქვს არაერთი ბერკეტი, რომელიც შესაძლებელს ხდის, პასუხისმგებლობა დააკისროს ყველა პირს, ვინც ადამიანის უნივერსალურ უფლებებს ზღუდავს.

“აშშ მორიგ ჯერზე უხეშად ერევა პოსტსაბჭოთა ქვეყნების შიდა საქმეებში. ჩვენი ინფორმაციით, მარტში ამერიკელები შეეცდებიან საქართველოში გადატრიალება მოაწყონ. ეს კი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას რისკებს შეუქმნის. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება მოვლენებს საქართველოში”, – წერია უწყების ტელეგრამ არხზე.


საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტს, სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი