ახალი ამბები

ელჩმა თქვა, რომ ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია — პაპუაშვილი

7 აპრილი, 2023 • 1491
ელჩმა თქვა, რომ ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია — პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მას უთხრა, რომ მოსამართლეებს სავიზო შეზღუდვა დაუწესეს და არა — სანქციები.

ამის შესახებ მან დღეს, 7 აპრილს, აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია და არის სავიზო შეზღუდვა. ეს ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. შედეგობრივად, სავარაუდოდ, დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ტერმინი სანქცია აქ, ალბათ, არ გამოიყენება.

ასევე ვისაუბრეთ, თუ რა მტკიცებულები არის ამის უკან და ელჩმა გაიმეორა, რომ ეს გადაწყვეტილება დაფუძნებულია ძირითადად საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. როგორც ჩანს, არაფერი დამატებითი ინფორმაცია არ არსებობს. არის ის, რაც არის პრესაში და რაც ყველამ ვიცით”, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ეს ძალიან ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილებაა და მოსამართლეები ასე არ იქცევიან.

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს. სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი