ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მოსამართლეების სანქცირებას საქართველოსთვის მიცემულ შესაძლებლობას უწოდებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის სასამართლო სისტემის რეფორმები გაატაროს. ამის შესახებ მან დღეს, 7 აპრილს ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, ამერიკა იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას შეძლებს, თუმცა, როგორც ელჩი აღნიშნავს, ამისთვის საქართველოს სამუშაო აქვს. კერძოდ, დეგნანმა აღნიშნა, რომ არსებობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ, რომ დააკმაყოფილოს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული 12 რეკომენდაციით გაწერილი სტანდარტი. მისი თქმით, ერთ-ერთია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, რასთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიის ბოლო 4 მოხსენებაში იყო საუბარი.
“რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს [მოსამართლეების სანქცირება] არის ძალიან დადებითი ნაბიჯი, რადგან ეს არის შესაძლებლობა, რომ მოხდეს რეაგირება და გაეცეს პასუხი სასამართლო სისტემაში კორუფციის შესახებ ბრალდებებს. ასევე, ეს არის შესაძლებლობა, ხელისუფლებამ წარმოადგინოს მტკიცე ერთგულება კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით და დააფუძნოს ნამდვილად მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება მიიღებს ამ შესაძლებლობას, რომ მოახდინოს რეაგირება და გასცეს პასუხი კორუფციის ბრალდებებს და რეალურად გადადგას აზრიანი ნაბიჯები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესაქმნელად”, – განაცხადა დეგნანმა.
5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს. სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.
ოპოზიცია სანქციებს მიესალმება, მმართველის გუნდის ლიდერმა კი თქვა, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პირადად მისთვის „ძალიან ცუდი იქნება“, თუმცა „ცხოვრება გაგრძელდება“.