ახალი ამბები

„იმედია, გადაიხედება [სანქცირება]“ – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

6 აპრილი, 2023 • 1437
„იმედია, გადაიხედება [სანქცირება]“ – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლის სანქცირების გადაწყვეტილება გადაიხედება.

მან აღნიშნა, რომ „ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მძიმე ნოტაზე იხსნება“ და დაამატა, რომ სიმშვიდისა და კორექტულობის შენარჩუნებას ცდილობს.

ქადაგიძე იმედს გამოთქვამს, რომ სახდეპი ან გამოაქვეყნებს მოსამართლეთა ბრალეულობის მტკიცებულებებს, ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.

„გუშინ ჩემი კოლეგების მიმართ გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულები, ან საკითხი გადაიხედება.

ეს განცხადებები სასამართლოში იწვევს ძალიან დიდ დაძაბულობას. მინდა, კოლეგებს მაქსიმალურად მოვუწოდო მშვიდობისკენ და ვთხოვო საზოგადოებას, ნუ გამოიტანენ ნაადრევ დასკვნებს.

იმედს ვიტოვებ, კითხვებზე, რომლებზეც პასუხი არაა გაცემული, პასუხები იქნება გაცემული. ჩემი ოფიციალური განცხადება გაკეთდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომეცემა შესაძლებლობა, მთელ რიგ საკითხებში გავერკვიო“, – განაცხადა იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ.

სანქციები მოსამართლეების წინააღმდეგ

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს.  სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

ოპოზიცია სანქციებს მიესალმება, მმართველის გუნდის ლიდერმა კი თქვა, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სანქცირებას „სრულიად გაუგებარს და მიუღებელს უწოდებს“. დარჩიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ გადაწყვეტილება გადაიხედება ან ბრალეულობის მტკიცებულებები გამოქვეყნდება. საპირისპირო შემთხვევაში, წერს დარჩიაშვილი, „საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა“.

აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პირადად მისთვის „ძალიან ცუდი იქნება“, თუმცა „ცხოვრება გაგრძელდება“.


გარეკანის ფოტო: „მთავარი არხის“ ეთერიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი