ახალი ამბები

რეფორმების პროცესი შეფერხებულია — PACE-ს თანამომხსენებლები

5 აპრილი, 2023 • 744
რეფორმების პროცესი შეფერხებულია — PACE-ს თანამომხსენებლები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრების, კლოდ კერნის (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელას (პორტუგალია, SOC) შეფასებით, „საქართველო ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზის გზაჯვარედინზე დგას“.

27-29 მარტს საქართველოში ვიზიტის შემდეგ PACE-ს თანამომხსენებლებმა განცხადება გაავრცელეს, მხარი დაუჭირეს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროპის ინსტიტუციურ ჩარჩოში და თქვეს, რომ ქვეყანა და მისი მოქალაქეები ამას იმსახურებენ.

„საქართველო ევროპული ქვეყანაა, ქართველები ევროპელები არიან. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე ხაზგასმით აღნიშნა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“, — ნათქვამია განცხადებაში.

PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს საკითხზე აღნიშნავენ, რომ ქვეყანამ ბევრი რეფორმა განხორციელდა მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოში გაწევრიანდა და კარგი პროგრესი მიღწეულია დემოკრატიული და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაში ფუნქციონირებისთვის.

ამავე დროს, თანამომხსენებლები გამოთქვამენ სერიოზულ შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის მნიშვნელოვან მომენტში ჩანს, რომ რეფორმების პროცესი აშკარად შეფერხებულია.

მომხსენებლები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ მტრობა და უკიდურესი პოლარიზაცია, განზე  გაწიონ ვიწროპარტიული ინტერესები და ითანამშრომლონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ევროკავშირის 12 პრიორიტეტული მიმართულების განსახორციელებლად, რათა ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამასთან, მიუთითებენ, რომ 12 პრიორიტეტული მიმართულება ახალი არ არის ქვეყნისთვის და ის დიდწილად ემთხვევა PACE-ს რეზოლუციაში განსაზღვრული რეფორმების მიმართულებებს.

თანამომხსენებლებმა დაგმეს მზარდი თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, ხშირად -ანონიმური აქტორების მიერ, და საქართველოს სუვერენიტეტისადმი მათი ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რამაც თანამომხსენებლების აზრით, შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას. კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმონ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიძიონ თავდასხმები, რომლებიც მიზნად ისახავს მოახდინოს ორგანიზაციების გაჩუმება და სტიგმატიზაცია.

PACE-ს თანამომხსენებლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელების აუცილებლობა და ხაზი გაუსვეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კორპორატიულობა, გამჭვირვალობის ნაკლებობა და მისი გადაჭარბებული კონტროლი მართლმსაჯულების სისტემაზე ძირს უთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას.

„ეს [რეფორმა] განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. „დეოლიგარქიზაციის“ კანონის კონტექსტში. პოლიტიკური გარემოს უკიდურესი პოლარიზაციის კონტექსტში და არსებული სასამართლო სისტემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონტროლთან დაკავშირებული კითხვებმა, პირადმა მიდგომებმა, შეიძლება კანონი გახადოს პოლიტიკური ძალადობის ინსტრუმენტი“, — ნათქვამია განცხადებაში.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით თანამომხსენებლები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე დაეყრდნოს ნეიტრალურ და სანდო ინფორმაციას.

„მიუკერძოებელი უცხოელი ექიმების არსებობამ შეიძლება უზრუნველყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით და ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოჯახს, სწრაფად მივიდნენ კონსენსუსურ შეთანხმებამდე, რომელიც უზრუნველყოფს უცხოელი ექიმების წვდომას სააკაშვილის მკურნალობის პროცესში“, — ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი