ახალი ამბები

„ოცნება” PACE-ში არ დაესწრო სხდომას, სადაც რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღეს

28 აპრილი, 2023 • 1454
„ოცნება” PACE-ში არ დაესწრო სხდომას, სადაც რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციას “გენოციდის მტკიცებულებად” აფასებს.

შესაბამისი რეზოლუცია PACE – ში გუშინ, 27 აპრილს, 87 ხმით მიიღეს.

გარდა ამისა, ასამბლეა მიესალმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრებაზე ორდერის გაცემის თაობაზე. PACE ამ გადაწყვეტილებების აღსრულებას ითხოვს.

თუმცა შესაბამისი რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერია საქართველოს დელეგაციას, რომელიც სტრასბურგში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებით იყო წარმოდგენილი. კერძოდ, ​საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში შედიოდნენ: ირაკლი ჩიქოვანი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე და ეკა სეფაშვილი.

როგორც „ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე ამბობს, უმრავლესობის წევრებს უკან დასაბრუნებელი ბილეთები დიდი ხნით ადრე ჰქონდათ ნაყიდი და ამიტომ სტრასბურგიდან კენჭისყრის წინა დღეს წამოვიდნენ. მისი თქმით, სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

„ჩვენ აქედან როდესაც მივდიოდით, რამდენიმე კვირით ადრე, ბილეთები უკვე ნაყიდი იყო იმიტომ, რომ გაწერილი გვქონდა კონკრეტული დღის წესრიგი. ჩვენ ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული, ამიტომ გამონაკლისი ამაზე არ არსებობს და, შესაბამისად, კონკრეტული საქმეებიდან და შეხვედრებიდან გამომდინარე, ეს ვიზიტი დასრულდა გუშინწინ და გამოვემგზავრეთ, მაგრამ ის გარემოება, რომ ჩვენ რაღაცას არ ვუერთდებით, სპეკულაციაა”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი ბექა დავითულიანი კი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს დელეგაციას რეზოლუციისთვის მხარი შინაარსის გამო არ დაეჭირა.

„შეიძლება, რეზოლუციაში ეწერა სხვა ისეთი რამ, რასაც მხარს არ დავუჭერთ. მაგალითად, ერთ-ერთ ძველ რეზოლუციაში ეწერა, რომ ერთი მხრივ, დავუჭიროთ უკრაინას მხარი, მეორე მხრივ, გაუშვით სააკაშვილი. ჩვენმა დელეგაციამ ძველ რეზოლუციაზე თქვა, რომ ეს ამოიღეთ და იმას დავუჭერთო. არ ამოიღეს, ვერ დავუჭირეთ. ახლა არ მისაუბრია ჩემს კოლეგებთან, რომლებიც სტრასბურგში იმყოფებოდნენ და, შესაბამისად, არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს სამარცხვინო ნაბიჯია და ნიშნავს, რომ „მორიგ ჯერზე ზურგი შეაქცია უკრაინას და უკვე საერთაშორისო ასპარეზზე მხარი დაუჭირა რუსეთს.“

მისი თქმით, აქამდე ხელისუფლება ერთადერთ გამართლებას ებღაუჭებოდა, რომ საერთაშორისო ფორუმებზე კენჭისყრებში მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის სასარგებლოდ, „ახლა კი რუსეთმა ესეც დაათმობინა“.

„ევროსაბჭომ გენოციდად ცნო უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია რუსეთში. ეს არის ძალიან პრინციპული რეზოლუცია, რომელსაც პროდასავლელი ხელისუფლება, ბუნებრივია, მხარს დაუჭერდა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამარცხვინო ნაბიჯია, რომ მორიგ ჯერზე ზურგი შეაქცია უკრაინას და უკვე საერთაშორისო ასპარეზზე მხარი დაუჭირა რუსეთს.

„აქამდე ისინი ერთადერთ უსუსურ გამართლებას ებღაუჭებოდნენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ საერთაშორისო ფორუმებზე კენჭისყრებში მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის სასარგებლოდ. ახლა ესეც კი დაათმობინა რუსეთმა „რუსულ ოცნებას“ და ისინი სამარცხვინოდ არ არიან იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებმაც მთელი ცივილიზებული სამყაროს თანამონაწილეობით გენოციდად აღიარეს რუსეთის მოქმედებები“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი