ახალი ამბები

პარლამენტმა თავდაცვის კოდექსის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

4 აპრილი, 2023 •
პარლამენტმა თავდაცვის კოდექსის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

დღეს, 4 აპრილს, პარლამენტმა თავდაცვის კოდექსის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 80-მა დეპუტატმა თავდაცვის კოდექსის პროექტს მხარი დაუჭირა, 2-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

ახალი თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2025 წლიდან სავალდებულო სამსახურის გავლა წვევამდელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოუწევთ. ასევე შემცირდება 12-თვიანი ვადა და ცვლილებების შემდეგ სამხედრო სამსახურის დიფერენცირებული ვადები შემდეგნაიარად განისაზღვრება:

  • საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 6 თვე;
  • დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 8 თვე;
  • უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის – 11 თვე.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლება და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ნორმებში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებაა.

კერძოდ, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებებით აღმოიფხვრება „საკანონმდებლო ხარვეზი“, რომელიც წვევამდელებს საშუალებას აძლევდა, „ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების“ მეშვეობით თავი აერიდებინათ სავალდებულო გაწვევისაგან.

შესაბამისად, ცვლილება, რომელიც კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალაში შევა,  რელიგიურ ორგანიზაციებს ეხება და გულისხმობს სასულიერო პირებისთვის სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლების გაუქმებას და მათთვის ამ შესაძლებლობის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩანაცვლებას.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, „მღვდელმსახურის“ სტატუსის ქონა აღარ ჩაითვლება სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძვლად და არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებს მოუწევთ სამხედრო სამსახურის ალტერნატიული, არასამხედრო ფორმით გავლა.

თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება(კონკორდატი) არსებობს.

გარდა ამისა, კოდექსის დამტკიცებისთანავე ძალაში შევა კიდევ ერთი ნორმა, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის რაოდენობა იცვლება — თუ მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებელი 18 თვით გადავადებისათვის შეადგენს 2000 ლარს და პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ 25 წლის ასაკამდე, პროექტის მიხედვით, გადავადების მოსაკრებელი იქნება ერთჯერადი და შეადგენს 10 000 ლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი