ახალი ამბები

პაპუაშვილი განმარტავს, რატომ უთხრა უარი დეპუტატებს გრიგორიადისთან შესვლაზე

4 აპრილი, 2023 • 1299
პაპუაშვილი განმარტავს, რატომ უთხრა უარი დეპუტატებს გრიგორიადისთან შესვლაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე უარი დეპუტატებს იმიტომ უთხრა, რომ ამ საკითხის პოლიტიზების საფრთხეს ხედავს.

მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და მონახულება არა დეპუტატის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის უფლებაა, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე.

„სამწუხაროდ, პარლამენტის წევრები ამ უფლებით გადაჭარბებულად სარგებლობენ. რაც სცდება ხოლმე იმ ზღვარს, რომელიც განსაზღვრულია უფლებებთან დაკავშირებით ან სხვა მხრივ ინტერესთან მონახულების. ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, იცით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა ეს კონკრეტული ბრალდებული პირი, მისი ადვოკატი შეუფერხებლად შედის და ყველაფერი საჯაროა და არ მგონია, რომ არსებობს დამატებითი უფლებრივი მხრივ ჩარევის და მონახულების საჭიროება.

მეორე მხრივ, მე ვხედავ საფრთხეს, მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება და თქვენ გამოსვლას სწორედ ეს შინაარსი აქვს, გინდათ აქ პოლიტიკური ასპექტი ჩადოთ, ეს არის სწორედ საფრთხე, მათ შორის, მართლმსაჯულებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე უარი უთხრა.

პარლამენტის თავმჯდომარისგან ლაზარე გრიგორიადისის  ციხეში მოინახულების ნებართვას „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ითხოვდნენ.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისს პროკურატურა „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებისას მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. მას შვიდიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ თქვა, რომ მას ნების საწინააღმდეგოდ გადაჰპარსეს თმა, ასევე არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის უფლება და არ დაარეკვინეს ადვოკატთან.სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ლაზარე გრიგორიადისს თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაჰპარსეს.

ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი