ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის მამა სახელისუფლებო მედიაში მისი შვილის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება. ბექა გრიგორიადისის თქმით, მისი ვაჟის “გაშავების” პროცესი მიმდინარეობს და იბრძოლებს მანამ, სანამ ეს უკანასკნელი არ გათავისუფლდება.
ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან “რუსული კანონის” წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილს ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას.
21 წლის კაცს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გარდა ზემოხსენებული მუხლებისა, შსს-მ თქვა, რომ გრიგორიადისი წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის სახდელდადებული და ოჯახური დანაშაულისათვის პასუხისგებაშია მიცემული. ეს არ ნიშნავს, რომ ის ამ საქმეში დამნაშავედ იქნა ცნობილი.
სახელისუფლებო მედიაში მალევე გამოჩნდა ცნობები, რომელთა თანახმადაც გრიგორიადისმა ადრე მამამისზე იძალადა.
“მიდის ჩემი შვილს გაშავების პროცესი”
საპასუხოდ, დაკავებულის მამამ, ბექა გრიგორიადისმა, რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა “ფეისბუკზე”. პირველ პოსტში ის აღნიშნავს:
“დადის ჭორი და მიდის ჩემი შვილის ლაზარე გრიგორიადისის გაშავების პროცესი, თითქოსდა მე და ჩემს შვილს გვაქვს კონფლიქტი და არ გვაქვს კარგი ურთიერთობები.
სანამ ვინმეს შვილს რამეში დაადანაშაულებთ, გირჩევთ გაარკვიოთ და მერე წერეთ და იკითხეთ. და საერთოდ, იქნებ მე ვარ უვარგისი მამა…
რატომ უფუჭებთ ბავშვს მომავალს, რატომ ტლიკინებთ იქ, სადაც არ გეხებათ?”
წარსულში ოჯახური დანაშაულისთვის (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ნივთის დაზიანება ან განადგურება) ლაზარე გრიგორიადისის პასუხისგებაში მიცემაზე “ნეტგაზეთმა” დაკავებულის ბაბუას, გია კალანდაძეს ჰკითხა. 30 მარტს ჩაწერილ ინტერვიუში კალანდაძე დასძენს:
“მუხლი რომ აქვს მამამისზე თავდასხმა — პირიქით, ის მოგვივარდა სახლში. გაშორებულები არიან ჩემი შვილი და მამამისი. პირიქით, ის მოგვივარდა სახლში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… გვლანძღავდა, გვაგინებდა. ერთხელაც კარი გაუღო, შეტაკება მოხდა და დაჭრა მამამისი”.
აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებულის მამა “რადიო თავისუფლებას” ესაუბრა. მისი თქმით, ეს იყო “პატარა ოჯახური შელაპარაკება”.
“იქნებ მამა იყო მთვრალი და არ უნდა მისულიყო მასთან და არ მოხდებოდა არანაირი კონფლიქტი? რა შუაშია, რომ კონფლიქტი გვაქვს? ჩემგან ჩემს შვილს სრული თავისუფლება აქვს. ის სრულწლოვანი ადამიანია. ახალგაზრდა ბიჭია. მისი ასაკის რომ ვიყავი, მეც მინდოდა თავისუფლად ცხოვრება და ასეც ვიცხოვრე. ძალიან ჭკუაგახსნილი და კეთილი ადამიანია.
გვქონდა პატარა ოჯახური შელაპარაკება და ყველაფერმა ჩაიარა საბოლოოდ მშვიდად. სასამართლოდანვე გაუშვეს ბავშვი. მომჩივანი არ ჰყავდა. მე მისთვის სრული თავისუფლება მაქვს მიცემული. როცა უნდა შემეხმიანება, არ ვაწუხებთ ერთმანეთს.
მე რომ ჩემი შვილის მიმართ ცუდი დამოკიდებულება მქონდეს, საჯარო პოსტს დავდებდი? მე ბოლომდე ჩემი შვილის გვერდით ვიდგები, რადგან ვიცი, ვინც არის და რასაც წარმოადგენს. ვიცი, რა გულის პატრონიც არის”, — დასძინა მან.
რაც შეეხება ფაქტს, რომ ლაზარე გრიგორიადისი წარსულში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის სახელდადებული: ბაბუის ცნობით, საქმე ეხება 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ცესკოსთან” გამართულ აქციას, რომლის დროსაც წყლის ჭავლი გამოიყენეს მომიტინგეთა წინააღმდეგ. მისი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ლაზარე გრიგორიადისიც იყო.
“ყველას ხომ მაგ [მუხლს] აწერენ…” — დასძენს გია კალანდაძე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლზე, რომლითაც ხშირად აკავებენ ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს, პოლიტიკოსებსა და უკვე ჟურნალისტებსაც.
“იმედს ვიტოვებ, მთავრობა არ გაწირავს ჩემს შვილს”
როგორც დაკავებულის მამა “ფეისბუკზე” წერს, “ლაზარე არის ახალი თაობის წარმომადგენელი და ის ფიქრობს თავისებურად”:
“მე ვაფასებ ყველა ახალგაზრდა ადამიანის უფლებებს და სოცმხედველობას. მინდა შევახსენო მთავრობას, ნუ გადაიმტერებთ ახალგაზრდა თაობას. ჩემი მოთხოვნაა: თავისუფლება ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს”.
კიდევ ერთ პოსტში დაკავებულის მამა ეხმაურება მედიის ნაწილის მიერ გავრცელებულ ფოტოს, რომელშიც თავად და ოპოზიციონერი გიორგი ვაშაძე გვერდიგვერდ არიან აღბეჭდილნი.
“გავრცელებული ინფორმაციით, ის ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძის გაერთიანების აქტიური მხარდამჭერია”, — წერს “რუსთავი 2” ხსენებული ფოტოს ქვეშ გამოქვეყნებულ მასალაში.
საპასუხოდ, ბექა გრიგორიადისი წერს:
“მე ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს სურათი გადაღებული და იმას არ ნიშნავს, რომელიმე პარტიის წევრი ვიყო. 2017 წლის მერე საერთოდ ავიცრუე ყველაფერზე გული, საქართველო არაა ის ქვეყანა, სადაც პოლიტიკოსები აკეთებენ ხალხისთვის საქმეს, საქართველოში ყველა ფიქრობს საკუთარ თავზე. აი, რატომ აღარ მაინტერესებს პოლიტიკა”.
“აი, ეხლა ჩემს შვილს გადაემტერნენ. თუ გაქვთ ფაქტები ჩემი შვილის დანაშაულის ჩადენის, წარგვიდგინეთ მიუკერძოებელ სასამართლოში, მაგრამ საქმე იმაშია, გვაქვს ის სასამართლო, სადაც სიმართლე ირკვევა? არა და არა. არ გვაქვს… არ გაუმწაროთ ბავშვს სიცოცხლე, თუ რამე დააშავა, მე ავიღებ ჩემს თავზე”.
კიდევ ერთ პოსტში კაცი აღნიშავს, რომ მისი ვაჟი “ყოველთვის გადიოდა აქციაზე, იმის მერე, როცა დაინახავდა რობოკოპების ძალის გადამეტებას”.
“უბრალოდ ვერ იტანს უსამართლობას, ამის გამო ბავშვს უმწარებთ ცხოვრებას?.. ამ ყველაფერმა ჩემს ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა, [მაგრამ] არა უშავს, ავიყვან თავს ხელში და ბოლომდე ვიბრძოლებ ხალხთან ერთად, სანამ ჩემი ლაზარე იქნება თავისუფალი… იმედს ვიტოვებ, მთავრობა არ გაწირავს ჩემს შვილს”, — აღნიშნავს დაკავებულის მამა.
“ერთადერთი, ვინც ძალადობდა, იყო სახელმწიფო”
პროსახელისუფლებო პროპაგანდისტული ტელეკომპანია POSTV 30 მარტს წერდა იმასაც, რომ ლაზარე გრიგორიადისი ელენე ხოშტარიას მიერ დაფუძნებული პარტიის, “დროას” წევრი იყო.
პარტიაში ეს ცნობა უარყვეს და თქვეს, რომ მსგავსი ცნობების გავრცელება მიანიშნებს საქმის პოლიტიკურ მოტივზე.
“ეს ადამიანი არ არის პოლიტიკური პარტია “დროას” წევრი, თუმცა მისი დაკავშირება პოლიტიკურ პარტიასთან მიანიშნებს იმაზე, რომ მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის წარმოება.
მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის “დროას” წევრი, ჩვენ უკვე დავიწყეთ გარკვევა ამ საქმეში. ჩვენ დავიცავთ ყველა ადამიანს, ვინც იცავდა საქართველოს ევროპულ არჩევანს 7-8-9 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე”, — უთხრა “ნეტგაზეთს” “დროას” წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ.
მისივე სიტყვებით, “ერთადერთი, ვინც არღვევდა ადამიანის უფლებებს და ძალადობდა იმ დღეს [აქციებზე], ეს იყო სახელმწიფო”.
“[ეს იყო] შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი სხვადასხვა დანაყოფით, რომლებიც ზღუდავდნენ ადამიანების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას აქტიური საპოლიციო ძალებით.
ეს იყო აბსოლუტურად უკანონო, რასაც ამბობენ როგორც საქართველოს შიგნით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები”, — დასძენს ლემონჯავა.
აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ
2 მარტს თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ, მოქალაქეები “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ შეიკრიბნენ. პოლიციამ იმ ღამეს 30-მდე ადამიანი დააკავა.
მომდევნო დღეებში, განსაკუთრებით, 7 და 8 მარტს, რუსული რეპრესიული კანონის ანალოგის საწინააღმდეგო დემონსტრაციები გაფართოვდა. ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რასაც დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგობა სდევდა თან.
ამ პერიოდში რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.
საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.
თუმცა ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას, ასევე, ცდილობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას სხვადასხვა იარლიყის მიკვრით, თითქოს საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ „ნაცები“, „ეკლესიის მტრები“, „სატანისტები“ და ა.შ.
29 მარტის ღამით პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სამართალდამცავებისთვის ქვებისა და მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავებიან. მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.