კომენტარი

საკონსტიტუციოს ექს-მოსამართლე აკრიტიკებს გრიგორიადისისთვის პატიმრობის შეფარდებას

2 აპრილი, 2023 • 3546
საკონსტიტუციოს ექს-მოსამართლე აკრიტიკებს  გრიგორიადისისთვის პატიმრობის შეფარდებას

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი 7-8 მარტის აქციების გამო დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

კოპალეიშვილის შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმის — პატიმრობის — გამოყენებით, “სასამართლო იქცა მხოლოდ ნორმის მშრალად შემფარდებელ ორგანოდ”.

საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლის სიტყვებით, “სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ლაზარეს საქმის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი”.

“განსახილველ საქმეზე კონტექსტის გაუთვალისწინებლობა ცალსახად მიუთითებს სასამართლოს მიკერძოებაზე.

მოსამართლე ვალდებულია საქმის განხილვა-გადაწყვეტისას გაითვალისწინოს არა მხოლოდ სამართლებრივი მასალა, არამედ ყურადღება უნდა მიაქციოს არასამართლებრივ ცნებებს, რეალობას, რომელიც საქმის კონტექსტთანაა კავშირში”, — დასძენს კოპალეიშვილი, რომელიც 2009-2019 წლებში საქმიანობდა საკონსტიტუციო სასამართლოში.

მისივე თქმით:

“სასამართლოს მხრიდან, ევროინტეგრაციისთვის საფრთხის შემქმნელი რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებით გამოწვეული სამართლიანი პროტესტის მნიშვნელობის გაუთვალისწინებლობა, მიუთითებს სასამართლო მართლმსაჯულების მიკერძოებაზე, უხარისხო სასამართლოს აქტზე, რამაც ლაზარეს შემთხვევაში გამოიწვია უსამართლო სასამართლო, დაარღვია მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო გლობალურ ასპექტში, სასამართლო დასცილდა თავისი მოქალაქეების სამართლიან მოთხოვნას, რომლებმაც და, მათ შორის, ლაზარემ, ხელისუფლებას მოსთხოვეს ქვეყნის განვითარების ევროინტეგრაციის კურსის დაცვა და ამ მიზნით მიმართეს მშვიდობიან პროტესტს”.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან  “რუსული კანონის” წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილს ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას.

დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

31 მარტს და პირველ აპრილს თბილისში გრიგორიადისის მხარდამჭერი აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილენიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ 21 წლის ლაზარეს საჩვენებელი დასჯა გადაწყვიტა, რათა მისი თაობის ადამიანები დააშინოს და პროტესტის სურვილი გაუქროს.

პირველ აპრილს ლაზარე გრიგორიადისისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად 4 საათში თითქმის 20 ათასი ლარი შეგროვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი