ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი: დასავლეთი თბილისს სოხუმისა და ცხინვალის აღებისკენ მოუწოდებს

4 აპრილი, 2023 • 4377
რუსეთი: დასავლეთი თბილისს სოხუმისა და ცხინვალის აღებისკენ მოუწოდებს

რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის რისკებზე მოსკოვი ისევ აკეთებს განცხადებას.

“ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონის დაჟინებულ მცდელობებს, დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობაში. ისინი ხედავენ, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ არ წყდება. შესაბამისად, დასავლეთი არწმუნებს თბილისს, რომ ახლა ხელსაყრელი მომენტია აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დასაბრუნებლად”, – განაცხადა დღეს, 4 აპრილს, სერგეი ნარიშკინმა, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას. ინფორმაციას რუსული მედია tass ავრცელებს.

“მეორე ფრონტის” გახსნის თემა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელების მიერ უკრიანაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. “ქართული ოცნების”  კონკრეტული წევრები საჯარო განცხადებებში დასავლეთს “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაში ადანაშაულებენ. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მეორე ფრონტის გახსნის  თემა მოგონილი და ტყუილია, რითაც პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს. 

ე.წ. მეორე ფრონტის რისკებზე, საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის გარდა, პერიოდულად საუბრობს სოხუმი და ცხინვალი.

მაგალითად, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ USAID და მისი მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ჯინ პენელი, რომელიც იქამდე უკრაინაშიც მუშაობდა, დაადანაშაულა იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ახდენს ზეწოლას, გახსნას მეორე ფრონტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.

აშშ-ს „მეორე ფრონტის გახსნა“ არ სურს, ეს დეზინფორმაციაა — დონფრიდი

მასალების გადაბეჭდვის წესი