ახალი ამბები

ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს, არ არსებობს II ფრონტის რისკი – ზურაბიშვილი

14 ივნისი, 2022 • 1446
ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს, არ არსებობს II ფრონტის რისკი – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მეორე ფრონტის გახსნის  თემა მოგონილი და ტყუილია. ამის შესახებ მან დღეს, 14 ივნისს, განაცხადა.

მისი თქმით,  ერთადერთი, საიდანაც მეორე ფრონტის იდეა  გაისმა, უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წრეებია, რომელიც სად იქნება, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

„ომში მყოფ უკრაინას შეიძლება გაუჩნდეს მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი, ამის ძახილი შეიძლება იყოს. ამაზე არც უნდა ვუპასუხოთ და არც პოლემიკაში შევიდეთ მე გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენთვის მეორე ფრონტი არ არსებობს. რამეთუ ჩვენ არ ვაპირებთ მივუბრუნდეთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენს მოსახლეობას და ვცადოთ ომით გადავწყვიტოთ ის, რაც გვინდა შერიგებით ან გაერთიანებით გადავწყვიტოთ მომავალში. არ არის ჩვენთვის ეს სცენარი შესაძლებელი.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს თემა განვავითაროთ და მოსახლეობას ვუთხრათ, რომ შენი არჩევანია, ან მოგივიდეს ის, რაც უკრაინაში ხდება, ან ამ ხელისუფლებას შეეგუო და არაფერი არ მოსთხოვო. ეს არის ფორმა, რომლითაც ხელისუფლება ზოგჯერ ცდილობს, რომ მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს, არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი და საფრთხე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ამ კუთხით აბსურდულია  „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული GORB-ის კვლევის კითხვებიც.

„ნებისმიერ ქვეყანაში ასე რომ იყოს დასმული კითხვა, ყველა უპასუხებს – არ მინდა ომი, ვის უნდა? უკრაინელებს უნდოდათ?! ეს არის შიდა მოხრმარებისკენ გამიზნული, რომ ხალხი ხელისუფლების შეცდომების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია. ან კიდევ სხვა ახნა აქვს ამას, მაგრამ მირჩევნია, არ გავყვე ამ აზრებს – ეს ხომ არ არის იმისთვის, რომ სხვას ვასიამოვნოთ და გავუგოროთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი