ახალი ამბები

აშშ-ს „მეორე ფრონტის გახსნა“ არ სურს, ეს დეზინფორმაციაა — დონფრიდი

17 ივნისი, 2022 • 1724
აშშ-ს „მეორე ფრონტის გახსნა“ არ სურს, ეს დეზინფორმაციაა — დონფრიდი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებებს, რომლის თანახმადაც აშშ-ს საქართველოში „მეორე ფრონტის გახსნა“ სურს.

„ნეტგაზეთის“ რეპლიკაზე, რომლის თანახმადაც საქართველოში პროსახელისუფლებო ექსპერტები ღიად სდებენ ბრალს აშშ-ს „მეორე ფრონტის გახსნის“ მცდელობაში, ხოლო მმართველი პარტიის ლიდერები ამ განცხადებებს არ გმობენ, კარენ დონფრიდმა განაცხადა:

„დაინტერესებულია თუ არა აშშ მეორე ფრონტითა და უფრო დიდი ომით? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან ამას ამბობენ. მაქვს შესაძლებლობა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რა არის აშშ-ის ინტერესები: აშშ-ს სურს ომის დასრულება უკრაინაში. რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკე არის წარმოუდგენლად მძიმე, შემზარავი… რუსული არტილერია ყოველდღიურად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, ეს არასწორია და გვინდა, ეს შეჩერდეს“.

კარენ დონფრიდის განცხადებით, აშშ-ის მიზანია, მაქსიმალურად დაეხმაროს უკრაინის, რათა მან მაქსიმალურად დაიცვას თავი.

„არსებობს მრავალი სხვა ქვეყანა, რომელიც უკრაინას ეხმარება. იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე, რუსეთი მზად იქნება კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებისთვის და პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად. იმედი გვაქვს, ჩვენ მიერ აღმოჩენილი დახმარება უკრაინას მაქსიმალურად ძლიერ პოზიციაში დააყენებს, როცა მოლაპარაკების მაგიდამდე მივალთ“, – აცხადებს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.

მისი განცხადებითვე, არ არსებობს ამ ომის გაფართოების სურვილი, – არც უკრაინის შიგნით, არც საქართველოში.

„ეს არ არის ჩვენს ინტერესებში, ჩვენ ეს არ გვსურს. თუკი შემიძლია, რამე გავაკეთო, რათა გავაქარწყლო ეს არასწორი ინფორმაცია თუ დეზინფორმაცია, დიდი სიამოვნებით: შეერთებული შტატების მიზანია ამ ომის დასრულება. ამ პლანეტაზე არსებობს ერთი ადამიანი, ვისაც დღესვე შეუძლია ომის დასრულება. ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინია. მოვუწოდებ მას, მიიღოს ეს გადაწყვეტილება, სანამ სხვა უდანაშაულო უკრაინელები დაიღუპებიან“, – განუცხადა კარენ დონფრიდმა „ნეტგაზეთს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი