ახალი ამბები

პენიტენციური უარყოფს, რომ გრიგორიადისს თმა ნების საწინააღმდეგოდ გადაჰპარსეს

3 აპრილი, 2023 • 1596
პენიტენციური უარყოფს, რომ გრიგორიადისს თმა ნების საწინააღმდეგოდ გადაჰპარსეს

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ლაზარე გრიგორიადისს თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაჰპარსეს.

ამავე განცხადებაში უწყება წერს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება არც ის ინფორმაცია, რომ მასთან ადვოკატი არ შეუშვეს.

„2023 წლის 31 მარტს, 11:00 საათზე, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებულ იქნა ბრალდებული ლ.გ.დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას.

მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაჰპარსეს, მითუ მეტეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ. ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. ბრალდებულ ლ. გ-ს დაცვის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, სრულად გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში. ბრალდებული დაწესებულებაში მოთავსების დღესვე, 2023 წლის 31 მარტს, 21:50 საათზე, მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა“, – აცხადებს პენიტენციური.

დღეს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ თქვა, რომ მას ნების საწინააღმდეგოდ გადაჰპარსეს თმა, ასევე არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის უფლება და არ დაარეკვინეს ადვოკატთან.

გრიგორიადისს პენიტენციურ დაწესებულებაში თმა ძალით გადაჰპარსეს – ადვოკატი

 


21 წლის ლაზარე გრიგორიადისს პროკურატურა „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებისას მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. მას შვიდიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი