საზოგადოება

გრიგორიადისს პენიტენციურ დაწესებულებაში თმა ძალით გადაჰპარსეს – ადვოკატი

3 აპრილი, 2023 • 1989
გრიგორიადისს პენიტენციურ დაწესებულებაში თმა ძალით გადაჰპარსეს – ადვოკატი

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მის დაცვის ქვეშ მყოფს თმა ნების საწინააღმდეგოდ გადაჰპარსეს.

„როგორც თვითონ განმარტა, ციხეში არის ნორმალურ პირობებში, მაგრამ ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ მინდოდა გადაპარსვა და გადამპარსეს თმაო“, – ციტირებს ადვოკატს „ფორმულა“.

ამ საკითხზე კომენტარისთვის „ნეტგაზეთმა“ პენიტენციურ სამსახურს მიმართა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

გარდა ამისა, ბითაძემ განაცხადა, რომ დაკავებისას დაარღვიეს  გრიგორიადისის უფლებები:

„ითხოვდა ადვოკატს, მაგრამ არ მოუყვანეს. დაკავებისას მიაწოდეს ტელეფონი, რომ დაერეკა ადვოკატისთვის და [ტელეფონის] კოდის აკრეფისას გამოგლიჯეს – უნდოდათ კოდის გაგება და არ დაარეკინეს“.

ადვოკატის განცხადების თანახმად, პირმა, რომელიც, გრიგორიადისის შთაბეჭდილებით, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი უნდა იყოს, უთხრა, რომ „ადვოკატს არ მოუყვანენ“. გარდა ამისა, გრიგორიადისი ამბობს, რომ აღიარებითი ჩვენების არმიცემის შემთხვევაში მეგობრის, გიორგი ჯარიაშვილის დაკავებით ემუქრებოდნენ.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში ბითაძემ აღნიშნა, რომ დაცვის მხარე გრიგორიადისის უფლებების დარღვევის გამო გეგმავს, შესაბამის უწყებებს მიმართოს.

საქართელოს პატიმრობის კოდექსის 21-ე მუხლის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებას უფლება აქვს, მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენის დაცვის აუცილებლობა.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისს პროკურატურა „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებისას მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. მას შვიდიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი