ახალი ამბები

ირანში თავდასხმის მსხვერპლი 2 ქალი დააკავეს ჰიჯაბის გარეშე ყოფნისთვის

3 აპრილი, 2023 • 1306
ირანში თავდასხმის მსხვერპლი 2 ქალი დააკავეს ჰიჯაბის გარეშე ყოფნისთვის

ირანის ხელისუფლება სავალდებულო ჰიჯაბის კანონის აღსრულების კუთხით უკან არ იხევს. ხელისუფალთა გაფრთხილებების ფონზე, ერთ-ერთ ქალაქში კაცი თავს დაესხა ორ ქალს, რომლებიც მაღაზიაში ჰიჯაბის გარეშე იდგნენ. კაცთან ერთად, თავდასხმის მსხვერპლნიც დააკავეს.

2022 წელს ირანში დაწყებული პროტესტის შემდეგ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბევრი ქალი გადაადგილდება თავსაბურავის გარეშე და ამ ფორმით დემონსტრაციულად არღვევს ხსენებულ კანონს.

საპროტესტო ტალღა სექტემბერში, ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ აგორდა. 22 წლის ქურდ ქალს სწორედ ჰიჯაბთან დაკავშირებული წესების დარღვევას ედავებოდნენ. უფლებადამცველთა ცნობით, შემდგომი აქციების ჩახშობის მცდელობისას ხელისუფლებამ 500-ზე მეტი მოქალაქე მოკლა.

მიუხედავად რეპრესიების რისკებისა, ქუჩებში, რესტორნებში, ბაზრებში, სავაჭრო ცენტრებსა თუ მაღაზიებში ქალთა მზარდი რაოდენობა გადაადგილდება ჰიჯაბის გარეშე. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია დედაქალაქ თეირანსა და სხვა დიდ ქალაქებში.

როგორც ჩანს, სწორედ ჰიჯაბის გარეშე ყოფნის გამო ამოიღო მიზანში აგრესიულმა კაცმა ორი ქალი ქალაქ მაშჰადთან ახლოს, ერთ-ერთ მაღაზიაში. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ის ჯერ სიტყვიერად უპირისპირდება ქალებს, შემდეგ კი იოგურტის ქილას იღებს და თავზე ასხამს მათ. კადრების მიხედვით, მოძალადე პირი მაღაზიის მეპატრონემ გარეთ გააგდო.

ირანის სასამართლოს საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, კაცი დაკავებულია, თუმცა ასევე დააკავეს თავდასხმის მსხვერპლი ქალები, საჯარო სივრცეში თმის გამოჩენისთვის.

აღნიშნული ვიდეოს გავრცელება წინ უძღოდა ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის გამოსვლას, რომლის დროსაც ამ უკანასკნელმა ხაზი გაუსვა, რომ ჰიჯაბის ტარება ირანში კანონია.

“თუ ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ მათ არ სწამთ [ჰიჯაბის]… კარგი იქნება, დავარწმუნოთ [ისინი]… მაგრამ მაგრამ მთავარი ის არის, რომ არსებობს კანონიერი მოთხოვნა… და ჰიჯაბი დღეს კანონის საკითხია”, — დასძინა მან.

ამასთან, როგორც Reuters წერს ირანულ მედიაზე დაყრდნობით, ქვეყნის სასამართლოს ხელმძღვანელი ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეი იმ ქალების “უმოწყალოდ” გასამართლებით დაიმუქრა, რომლებიც გარეთ ჰიჯაბის გარეშე გამოდიან.

ამ საკითხზე საზოგადოებას ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც მიმართა და თქვა, რომ ჰიჯაბის საკითხზე “უკან დახევა ან შემწყნარებლობა” არ იქნება. Reuters-ის მიხედვით, უწყებამ საზოგადოებას მოუწოდა, დაუპირისპირდნენ ქალებს, რომლებიც თავსაბურავს არ ატარებენ.

ამ ფონზე ირანის არაერთი პროვინციის გუბერნატორმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც ჰიჯაბის სავალდებულოობას უსვამენ ხაზს და პასუხისგებით ემუქრებიან ქალებს, რომლებიც ამ კანონს დაარღვევენ.

ირანში ისლამური რესპუბლიკის დამყარებიდან (1979 წ.) მალევე, ქალებისთვის “ისლამური” სამოსის ტარება სავალდებულო გახდა. პრაქტიკაში, ეს შეიძლება იყოს ჩადრი, რომელიც ფარავს მთელ სხეულს, მათ შორის თავს, ან თავსაბურავი და მოსასხამი, რომელიც მკლავებს ფარავს.

დისკრიმინაციულ რეგულაციებთან ბრძოლა ქალებს რეჟიმის წარმომადგენლებისა თუ მისი მხარდამჭერების მხრიდან ძალადობის და დაპატიმრების რისკის ფასად უწევთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი