Wolt-ის კურიერების ნაწილი აპლიკაციას თიშავს და პროტესტს აგრძელებს. როგორც ერთ-ერთი კურიერი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, გადაწყვეტილება გუშინ, 29 მარტს გამართულ კურიერთა კონფერენციაზე მიიღეს.
კურიერები აცხადებენ, რომ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 200-250-მა პირმა და მათმა თითქმის სრულმა უმრავლესობამ პროტესტის უწყვეტად გაგრძელება გადაწყვიტა, რაც აპლიკაციის გათიშვას გულისხმობს.
Wolt-ის კურიერების პროტესტი 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს 4 ძირითადი მოთხოვნით. ისინი ითხოვენ ანაზღაურების ზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევას, კილომეტრაჟის აღრიცხვის სისტემის გამართვას და კომპანიასთან კოლექტიურ მოლაპარაკებას:
„ჩვენ გვაქვს 4 მოთხოვნა: ანაზღაურების გაზრდა, როგორც საბაზისო, ასევე კილომეტრაჟით. მეორე არის, რომ კილომეტრები სწორად დაგვითვალონ იმიტომ, რომ რაც სიახლე დანერგეს, გაუარესებულია სიტუაცია, მესამე მოთხოვნაა რეალური ჯანმრთელობის დაზღვევა და მეოთხეა კოლექტიური მოლაპარაკება, რაზეც უარს გვეუბნება კომპანია.
საბაზისო ანაზღაურება 2.5 ლარია და კილომეტრზე 50 თეთრი. გარკვეულ საათებში საბაზისო ანაზღაურება 3 ლარამდე იზრდება, მაგრამ კილომეტრებზე კვლავ 50 თეთრი რჩება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ საბაზისო ანაზღაურება 3.5 ლარი დაფიქსირდეს და კილომეტრზე 70 თეთრი გახდეს დანამატი“ ,— აცხადება კურიერი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.
როგორც Wolt-ის კურიერები აცხადებენ, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
საპასუხოდ Wolt აცხადებს, რომ 7000-მდე პარტნიორი კურიერიდან საპროტესტო აქციაში მონაწილეობას მხოლოდ 100 ადამიანამდე იღებს და სერვისი ფუნქციონირებს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მოუხდათ მხოლოდ რამდნეიმე ლოკაციის აპლიკაციიდან გათიშვა, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი. Wolt მათ ადანაშაულებს იმ კურიერებზე ზეწოლაში, რომლებიც პროტესტში მონაწილეობას არ იღებენ და აცხადებენ, რომ რამდენიმე ადგილის აპლიკაციიდან გათიშვა მოხდა კურიერების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მთავარი ფოტო: „სოლიდარობის ქსელი“