ახალი ამბები

25 არასამთავრობო ორგანიზაცია ტარიელ ნაკაიძის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

24 მარტი, 2023 • 1968
25 არასამთავრობო ორგანიზაცია ტარიელ ნაკაიძის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

25 არასამთავრობო ორგანიზაცია ტარიელ ნაკაიძის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და მისი მისამართით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებს გმობენ.

განცხადების ხელმომწერი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმებს და მიიჩნევენ, რომ ეს შეტევა არა მხოლოდ ინდივიდუალური პოლიტიკოსის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიზნად ისახავს, ზოგადად, უფლებადაცვითი საქმიანობის დისკრედიტაციას და ზიანს აყენებს უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში.

„ბოლო დღეებია ვხედავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ღიად ესხმიან თავს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს, რომელიც 2008-2020 წლებში “ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარე იყო და დღემდე აქტიურად მუშაობს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ 22 მარტს “ხალხის ძალის” წევრმა და რუსული კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტარიელ ნაკაიძეს ასე მიმართა:

“20 წელია მე შენ გიცნობ და ვიცი, რომ შენ ხარ აგენტი”. ხელმომწერების თქმით, სუბარის თანამოაზრე და რუსული კანონის კიდევ ერთი ინიციატორი ვიქტორ ჯაფარიძე კი თავს დაესხა დეპუტატს და ზურგში მიკროფონი ჩაარტყა, რასაც მოჰყვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ტარიელ ნაკაიძეს “მძიმე რეპუტაცია”აქვს.

„ტარიელ ნაკაიძე, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატებისგან განსხვავებით, პარლამენტის ტრიბუნას ხშირად იყენებს ადამიანის უფლებების დასაცავად, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ქალებისა და ლგბტქი ადამიანების გამოწვევებზე სასაუბროდ. უმცირესობების უფლებები არის იმ ევროპული ღირებულებების ნაწილი, რომელიც სიღრმისეულადაა დაცული ევროკავშირში და ჩვენი ტრადიციის ორგანული ნაწილია.

ხელისუფლების მიერ წარმოებული სიძულვილის ენა და საზოგადოების გახლეჩაზე ორიენტირებული პოლიტიკა, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და ადამიანის უფლებების დაცვის სულისკვეთებას, შეუქცევადად აღრმავებს პოლიტიკურ ველზე არსებულ პოლარიზებას და აზიანებს მრავალფეროვან და პლურალისტურ გარემოს“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ ტარიელ ნაკაიძეს და მოუწოდებენ უმრავლესობის წევრებს, შეწყვიტონ ადამიანის უფლებების დამცველ ადამიანებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები:

  1. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  2. სოლიდარობის პლატფორმა
  3. პანკისის სათემო ორგანიზაცია
  4. პლატფორმა სალამი
  5. მრავალფეროვანი და თანასწორი საქართველო
  6. Სოლიდარობის მეზუემი
  7. სოლიდარობის თემი
  8. იორმუღანლოს სათემო ცენტრი
  9. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
  10. Სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
  11. თბილისი პრაიდი
  12. საფარი
  13. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  14. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  15. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG
  16. ქვიარ ასოციაცია – თემიდა
  17. თანასწორობის მოძრაობა
  18. უფლებები საქართველო
  19. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
  20. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  21. მწვანე ალტერნატივა
  22. მწვანეები
  23. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, PHR
  24. რაჭის სათემო ორგანიზაცია
  25. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

მასალების გადაბეჭდვის წესი