სახალხო დამცველობის კანდიდატი, თსუ-ის პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ რელიგიური ჯგუფები სახელმწიფოსგან არ უნდა ფინანსდებოდნენ.
„მიმაჩნია, რომ რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები საერთოდ სახელმწიფოსგან არ უნდა ფინანსდებოდნენ. მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი ავტონომია და ხალხი, ვინც ამა თუ იმ აღმსარებლობას ერთგულებს, უნდა აფინანსებდნენ ამ ინსტიტუციის მუშაობას“, – განაცხადა მან 26 ოქტომბერს პარლამენტში მოსმენაზე დეპუტატ ტარიელ ნაკაიძის კითხვაზე პასუხად.
მან ასევე განაცხადა, რომ „მართლმადიდებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აქვს ძალიან დიდი წვლილი შეტანილი“ და დააზუსტა, რომ ამ წინადადებაში გულისხმობს „ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას, და რელიგიურ მოღვაწეებს, რომელთაც წვლილიც აქვთ შეტანილი ქართული სამართლის, სახელმწიფოს ისტორიაში“.
„მე არ გამოვრციხავ, რომ სახელმწიფო და ეკლესია თანამშრომლობდნენ, მაგრამ აქ დომინანტური მხარე არ უნდა არსებობდეს. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“.
ნაკაიძის დამაზუსტებულ კითხვაზე, ეთანხმება თუ არა გაფრინდაშვილი სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელს „ტყის კანონთან“ დაკავშირებით [ეს კანონი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის 20 ჰექტარი ტყის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს], განაცხადა:
„არ ვიცი ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ არ ვეთანხმები [სახელმწიფოს დაფინანსებას]. რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები სახელმწიფოსაგან“.
კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე, მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული როლი „არის თუ არა საფუძველი, დამატებითი ბენეფიტი ჰქონდეს და დისკრიმინაციული კანონი მივიღოთ“ – გაფრინდაშვილმა განაცხადა:
„არა, ასეთ ინტერპრეტაციას ნუ მისცემთ. მაგალითად, ჩემი წინაპარი იყო უდიდესი მოღვაწე სვანეთში. ეკლესია, რომელიც არსებობდა ჩვენს სოფელში, ყველის ჩამბარებელ პუნქტად გადააქციეს ბოლშევიკებმა… ახლა რომ ამ სოფელში გაჩნდეს ინიციატივა, დაიბრუნონ ეკლესიის ტერიტორია, მე ასეთ რაღაცებს ვეთანხმები. მაგრამ არ ვეთანხმები იმას, რომ სპეცკულაციები იყოს ამ თემაზე და მიმხრობა ან რაიმე მსგავსი“.
პარლამენტმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატს უნდა მოუსმინოს.
25 ოქტომბერს სამ კანდიდატს მოუსმინეს – ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს. ლელა გაფრინდაშვილი მეოთხე კანდიდატია, რომელსაც პარლამენტში უსმენენ.
