ახალი ამბები

ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაცია აქვს – კობახიძე

23 მარტი, 2023 •
ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაცია აქვს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დამოუკიდებელ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს „მძიმე რეპუტაცია“ აქვს.

რას გულისხმობს „მძიმე რეპუტაციაში“, ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად, კობახიძე არ აკონკრეტებს.

„არ მინდა და არ განვმარტავ. არ განვმარტავ, რადგან ეს არის სენსიტიური თემა და არ განვმარტავ. როცა ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი, სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეებს, მის მიმართ რომ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება კოლეგებს, ეს არის ჩემთვის გასაგები. რაც შეეხება ინციდენტს, ზოგადად ინციდენტები მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან პარლამენტში“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

კობახიძის თქმით, თუ ტარიელ ნაკაიძეს არ მოსწონს პარლამენტში „ხალხის ძალის“ წევრების წინ ჯდომა, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩევიან, შეუძლია თავად გადაჯდეს ადგილიდან და კუთხეში დადგეს.

„დეპუტატებს ვერავინ ვერსად ვერ გადასვამს, თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს, გადაჯდეს და დადგეს კუთხეში, შეუძლია ეს გააკეთოს, მას ეკუთვნის პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა. მას აქვს მძიმე რეპუტაცია, სხვა კოლეგებს უწოდა მოღალატე და კუთხეში დგომა ეკუთვნის მას, თუ აქვს სინდისი. დეტალებში არ შევალ, როცა სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეს ტარიელ ნაკაიძე, საკუთარ სინდისს მიხედოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ტარიელ ნაკაიძე და მას „გაფარჩაკებული პარტიის ლიდერი“ უწოდა.

„ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეში მიყენებული და გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების და სხვა უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა. მძიმე რეპუტაციის რა გითხრათ, მაგრამ მოღალატეებისთვის მძიმედ ასატანი რეპუტაცია ნამდვილად მაქვს“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.


22 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, „ხალხის ძალის“ წევრმა და რუსული კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს ზურგში მიკროფონი ჩაარტყა.

როგორც ტარიელ ნაკაიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, თავდაპირველად მას სოზარ სუბარმა შეაგინა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„მე შემატრიალა სოზარ სუბარმა და მითხრა, რომ 20 წელია მიცნობს და მე ვარ მოღალატე თურმე და იცის ჩემი ყველა აგენტურული ქსელი. მას ვუთხარი, თუ რამე იცი, უნდა თქვა-მეთქი. იცით, რომ მე მუსლიმთა კავშირში ხელმძღვანელი ვიყავი და ზოგადად, მუსლიმების მიმართ მიდის ასეთი დამოკიდებულება, რომ მოღალატეები და ასე შემდეგ“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი