ახალი ამბები

მარნეულის სოფლებში, სავარაუდოდ, ორგანიზებული ჯგუფი, მოსახლეობას აშინებს – ნაკაიძე

7 სექტემბერი, 2023 • 1721
მარნეულის სოფლებში, სავარაუდოდ, ორგანიზებული ჯგუფი, მოსახლეობას აშინებს – ნაკაიძე

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ მარნეულის სოფლებში, სავარაუდოდ, ორგანიზებული ჯგუფი, მოსახლეობის დაშინებას ცდილობს.

როგორც ადგილობრივი მედია „რადიო მარნეული“ წერს, უკვე ერთი თვეა, რაც მარნეულის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა გაურკვეველი წარმომავლობის პირს ეძებს რომელიც, როგორც თავად ამბობენ, სახლის სახურავებზე ადის, ფანჯრებს ქვებს ესვრის, კარზე აკაუნებს და შემდეგ ქრება.

„რამდენინე წუთის წინ თბილისში დავბრუნდი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოდან. სოფელში შევხდი მოსახლეობას. სოფლის მოსახლეობა აღშფოთებული და შეშინებულია. დაახლოებით 14 დღეა, ამ რეგიონის სხვადასხვა სოფელში დადის, სავარაუდოდ, ორგანიზებული ჯგუფი ან ჯგუფები ქვებს ესვრიან სახლებს, უთვალთვალებენ ადამიანებს, სხვადასხვა მეთოდებით აშინებენ სოფლების მოსახლეობას. ადგილობრივები განმარტავენ, რომ მათ არაერთხელ მიმართეს სამართალდამცავებს, თუმცა რეაგირებას ვერ ხედავენ.

რამდემიმე წუთის წინ დაგვირეკეს სოფელ პირველ ქესალოდან და ამაღამაც იგივე ფაქტი განმეორდა. ადგილობრივების ნაამბობიდან ირკვევა, რომ პირები, ვინც შეამჩნიეს არიან სპორტული აღნაგობის, გამოირჩევიან სპეციალლური უნარებით. მათ შეუძლიათ დროულად მიმალვა, მოქმედებენ ღამით. შემჩნიეს, რომ არიან შეიარაღებული, დადიან გრძელი წვერით. ვფიქრობ, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია“, — აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

ნაკაიძის თქმით, მათ დახმარებისთვის პოლიციასაც მიმართეს და მათგან დროულ რეაგირებას ელიან.

ნეტგაზეთი მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. თუმცა უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

„რადიო მარნეულის“ ცნობით, ადგილობრივები ხშირად იძახებენ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს და მათთან ერთად ეძებენ კაკუნისა და ქვების სროლის გამომწვევ პირებს, მაგრამ ამ დრომდე სოფლებში არავინ არ დაუჭერიათ. მოსახლეობა სახელმწიფოს დახმარებას ითხოვს და სურთ, რომ სოფლებში ღამის ხედვის კამერები, რომლითაც აღნიშნული პირების ამოცნობის იმედი აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი