ახალი ამბები

მერაბიშვილი ამბობს, რომ ენმ-ში არჩევნების შედეგით კმაყოფილია

13 თებერვალი, 2023 • 882
მერაბიშვილი ამბობს, რომ ენმ-ში არჩევნების შედეგით კმაყოფილია

ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ კმაყოფილია „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა არჩევნებითა და ამ არჩევნების შემდეგ პარტიის მოქმედებით.

მერაბიშვილმა ენმ-ის წევრ პეტრე ცისკარიშვილთან ერთად ინტერვიუ იუთუბ არხს „ФЕЙГИН LIVE-ს“ 12 თებერვალს მისცა.

ინტერვიუს დასაწყისში მერაბიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, თუმცა ხელისუფლება მაინც არ აპირებს, უკან დაიხიოს. ის დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილს მარტივი პრაქტიკა აქვს მის მოწინააღმდეგეებთან დაკავშირებით: ისინი ან ციხეში უნდა ისხდნენ, ან იყვნენ საზღვარგარეთ – „საქართველო რუსეთის აგრესიის პირველი მსხვერპლია და სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს“.

რაც შეეხება ენმ-ში მიმდინარე ამბებს, ის დასძენს, რომ დაახლოებით 10 დღის წინ პარტიაში არჩევნები ჩატარდა და ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც ელექტრონული არჩევნების გზით პარტიის ხელმძღვანელობა შეიცვალა.

„მთავარი პრეტენზია ჩვენი პარტიის ყოფილი ხელმძღვანელობის მიმართ იყო ზუსტად პასიურობა, სააკაშვილის დაცვისთვის არასაკმარისი ქმედება, პასიური დამოკიდებულება მიტინგების, [ხელისუფლების] „პრესინგის“ კუთხით და ა.შ.

დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩატარდა შიდაპარტიული არჩევნები და მინდა დაგარწმუნოთ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ 1 კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა აქციები სააკაშვილის მხარდასაჭერად. დარწმუნებული ვარ, ეს ახალი ხელმძღვანელობა მიაღწევს იმას, რომ რამდენიმე თვეში შეიცვლება სიტუაცია საქართველოში. არამხოლოდ საქართველოში, მაგრამ მათ შორის პეტრე ცისკარიშვილიც დაკავებულია დიასპორებთან მუშაობაში”, – დასძენს მერაბიშვილი.

იგი ამბობს, რომ წინა აქციების დროს საზღვარგარეთ ქართული დიასპორა აქტიურობდა, ცისკარიშვილი კი ახლა იმითაა დაკავებული, რომ ეს გამოასწოროს – „საზღვარგარეთ, სადაც აქტიურობს უკრაინული დიასპორა, იქ ქართული დიასპორაც იყოს“.

„მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე კვირაში თქვენ თვითონ შეამჩნევთ და, რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლება შეამჩნევს, რომ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა რეალურად იბრძვის მიხეილ სააკაშვილის დასაცავად“, — თქვა მერბიშვილმა.


2023 წლის 30 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელი დაამარცხა. არჩევნები ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ნიკა მელიას გუნდის თქმით, ლევან ხაბეიშვილს ზურგს უმაგრებენ ვანო მერაბიშვილი და ყოფილი შს მინისტრი დავით კეზერაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი