ახალი ამბები

“TV პირველის” ჟურნალისტის მიმართ ძალადობისთვის 1 პირი დააკავეს

17 მარტი, 2023 • 957
“TV პირველის” ჟურნალისტის მიმართ ძალადობისთვის 1 პირი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “TV პირველის” ჟურნალისტის, ნატო გოგელიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. განცხადება უწყებამ 17 მარტს გაავრცელა.

დაკავებულს ედავებიან ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობასა და სხვისი ნივთის დაზიანებას. ის სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ინციდენტი ოზურგეთის რაიონში, სოფელ ბახვში მოხდა. ნატო გოგელიას მიერ გადაღებული ვიდეოს მიხედვით, ჟურნალისტი კაცს ეკითხება, რატომ ჩამოხია ევროკავშირის დროშა 14 მარტს თბილისში, პრორუსული “ალტ-ინფოს” მიერ გამართულ აქციაზე.

“რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა.

აღნიშნული ქმედებით ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ, ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი”, — წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

პირი დაკავებულია სსკ-ის სამი სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის:

154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი მუქარით) — ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე;

187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) — ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე;

126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) — ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

რა ხდებოდა ალტ-ინფოს აქციაზე

პრორუსული “ალტ-ინფოს” წარმომადგენლებმა თბილისში აქცია 14 მარტს გამართეს. მსვლელობა სააკაძის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა.

გზად სხვადასხვა საგანი, მათ შორის, ქვა ესროლეს იურიდიული კომპანიის BGI Legal-ის ოფისის აივანს, რის შედეგადაც თანამშრომელი დაშავდა.

ცოტა ხნის შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა მაინც შეძლეს დროშის ჩამოხსნა.

შსს-ს თქმით, ოფისისთვის ქვის სროლის ინციდენტს ძალადობის მუხლით იძიებენ, დროშის ჩამოხსნასა და დაწვაზე კი ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი