ახალი ამბები

“ალტ-ინფოს” აქციიდან ოფისს ქვა ესროლეს, დაშავდა თანამშრომელი — ბიბილაშვილი

14 მარტი, 2023 • 1191
“ალტ-ინფოს” აქციიდან ოფისს ქვა ესროლეს, დაშავდა თანამშრომელი — ბიბილაშვილი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, იურიდიული კომპანიის “BGI Legal-ის” ოფისს ქვა ესროლეს, რის შედეგადაც თანამშრომელი დაშავდა. კომპანიის წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის თანახმად, ეს გააკეთეს პრორუსული “ალტ-ინფოს” წარმომადგენლებმა, რომლებიც დედაქალაქის ცენტრში აქციას მართავენ.

ბიბილაშვილის სიტყვებით, აქციის უკან ხელისუფლება დგას, პოლიცია კი აგრესიულ დემონსტრანტებს ხელს არ უშლის.

“არანაირი “ალტინფო”, ეს რუსული „ოცნების“ მიერ ორგანიზებული აქციაა, რომელიც გზად ყველაფერს არბევს და რომელსაც პოლიცია მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. ეს ქვა რამდენიმე წუთის წინ შემოვარდა ჩვენს ოფისში.

თავში ხვდებოდა თანამშრომელს, ხელი აიფარა, ხელი აქვს დასისხლიანებული. კლავდნენ, ფაქტობრივად. ყველაფერი გადაღებულია. კარგად ჩანს, ვინ ისვრის”, — წერს ბიბილაშვილი “ფეისბუკზე”.

როგორც მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების ექიმები, რომლებმაც დაშავებულ თანამშრომელს ხელი შეუხვიეს. ოფისში პოლიციელებიც მივიდნენ.

“ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ საქმე ჩაიფარცხოს. მაგალითად, კითხულობენ, რატომ შემოაგდეს ქვა, რაზეც მე ვეუბნები, რომ ჩანს კადრში, ვინც არის — დააკავეთ და მას ჰკითხეთ, რატომ შემოაგდო. მე რა ვიცი მისი მოტივაცია?

ასევე, [კითხულობენ], იქნებ პრეტენზია არ აქვს თქვენს მხარესო. მე რომ პრეტენზია არ მქონდეს, შენ არ უნდა გაწუხებდეს, რომ დღისით-მზისით, ვიღაც ასეთ რამეს აკეთებს- მეთქი? არ ვიცი, მეორე მხარესაც გავესაუბრებიო”, — დასძენს ზაზა ბიბილაშვილი.

მას ვკითხეთ, ხომ არ უკავშირებს მომხდარ ინციდენტს ოფისის აივანზე გამოკიდულ უკრაინის დროშას.

“ვერ გეტყვით. ამ ადგილას უკრაინის ბევრი დროშაა. ვიყურები და ქუჩის გადაღმა კიდევ ორ აივანზე არის უკრაინის დროშა. იქით არ წასულან. წამოვიდნენ ორგანიზებულად აქეთ… კონკრეტული თავდასხმა იყო”, — გვპასუხობს ის.

ზაზა ბიბილაშვილი გასულ წლებში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო, ახლა კი არასამთავრობო ორგანიზაციაში “ჭავჭავაძის ცენტრი” საქმიანობს. კითხვას, შეიძლება თუ არა, მომხდარი მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს, ბიბილაშვილი პასუხობს, რომ არ გამორიცხავს აღნიშნულს.

“პირდაპირ თქმა გამიჭირდება, მაგრამ ხომ გეუბნებით, რუსთაველზე, ჩვენს გადაღმა, კიდევ ორ აივანზეა უკრაინის დროშები გადმოფენილი. მაგრამ ისინი ორგანიზებულად დაიძრნენ აქეთ”.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, 16:23 საათზე “ნეტგაზეთს” შსს-დან აცნობეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღესვე, “ალტ-ინფოს” აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, პრორუსულმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშის დაწვა მაინც შეძლეს. შსს-ს ში ამბობენ, რომ დროშის ინციდენტზე ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული.

რას წარმოადგენენ “ალტ-ინფო” და მისი პარტია

ტელეკომპანია “ალტ-ინფო”, რომელიც თავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს უწოდებს, მედიამონიტორების შეფასებით, “ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა”. ის პრორუსულ გზავნილებს ავრცელებს რუსეთის ომზეც უკრაინაში.

სწორედ “ალტ-ინფოს” ორგანიზებით ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქცია, რომლის დროსაც რადიკალებმა სცემეს და ტექნიკა დაუმტვირეს ჟურნალისტებს, ისევე როგორც, დაარბიეს აქტივისტთა ოფისები და “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეთა კარვები პარლამენტთან.

აქციის მიმდინარეობისას ნაცემთა შორის იყო ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

2021 წლის ბოლოს “ალტ-ინფოს” წარმომადგენლებმა პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” დააფუძნეს. პარტიაში აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ რუსეთთან “პარტნიორული ურთიერთობებისთვის”.

2022 წლის ოქტომბერში “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები რუსეთში ჩავიდნენ “ევრაზიული კავშირის” ფორუმზე დასასწრებად, მანამდე კი რუსეთის დუმის დეპუტატებისა და “კონსერვატიული მოძრაობის” ერთობლივი კონფერენცია გაიმართა “ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან” დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი