ახალი ამბები

შსს-მ EU-ის დროშის ჩამოხსნასა და დაწვაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

14 მარტი, 2023 • 927
შსს-მ EU-ის დროშის  ჩამოხსნასა და დაწვაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივი ჯგუფის მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

უწყების განცხადებით, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც გულისხმობს საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას.


„შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დღეს, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, პრორუსულმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშის დაწვა მაინც შეძლეს.

მთავარ ფოტოზე: კადრი მარიამ ნიკურაძის ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი