ახალი ამბები

ინციდენტი რუსულ მოიერიშეებსა და ამერიკულ დრონს შორის: რა მოხდა შავი ზღვის თავზე

15 მარტი, 2023 • 797
ინციდენტი რუსულ მოიერიშეებსა და ამერიკულ დრონს შორის: რა მოხდა შავი ზღვის თავზე

აშშ-ის განცხადებით, ამერიკული სადაზვერვო დრონი, რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მანევრის შედეგად, შავ ზღვაში ჩავარდა.  ვაშინგტონი რუსეთის მხრიდან „უგუნურ“ ქმედებაზე საუბრობს, მოსკოვში კი უარყოფს თავის პასუხისმგებლობას.

ვაშინგტონის თანახმად, “MQ-9” უპილოტო საფრენი აპარატი გეგმურ მისიას ასრულებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, როცა ორმა რუსულმა თვითმფრინავმა გზა ჩაუჭრა. ამის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი დრონის პროპელერს გამოედო, რის გამოც აშშ-ის ძალები იძულებულნი გახდნენ, საერთაშორისო წყლებში ჩაეძირათ “MQ-9”.

აშშ-ის ევროპული სარდლობის თქმით, ინციდენტის კულმინაციამდე, რუსეთის “SU-27-ებმა” საწვავიც გადმოასხეს “MQ-9-ზე”. ვაშინგტონის მიხედვით, ინციდენტი, ჯამში, 30-40 წუთს გაგრძელდა.

ვაშინგტონი საუბრობს “საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე”, “არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ” ქმედებაზე მოსკოვის მხრიდან, თუმცა რუსეთში სხვას ამბობენ:

მოსკოვის თანახმად, ამერიკულმა დრონმა, რომელიც ანექსირებული ყირიმის მახლობლად დაფრინავდა გამორთული ტრანსპონდერებით, დაარღვია “სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის დაწესებული დროებითი საჰაერო სივრცის რეჟიმის საზღვრები”.

“სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” მოსკოვი უწოდებს სრულმასშტაბიან ომს, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. ტრანსპონდერი კი წარმოადგენს საკომუნიკაციო, მონიტორინგის ან კონტროლის მოწყობილობას, რომელიც იღებს შემომავალ სიგნალს და ავტომატურად რეაგირებს მასზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ასევე ირწმუნებიან, რომ რუსულ მოიერიშეებს იარაღი არ გამოუყენებიათ, არც კონტაქტში შესულან ამერიკულ დრონთან და მან თავადვე დაკარგა მართვის უნარი.

სამშაბათს მომხდარ ინციდენტზე აშშ-მა ვაშინგტონში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი დაიბარა. შეხვედრის შემდეგ ანტონოვმა თქვა, რომ მოსკოვი უპილოტო თვითმფრინავის ინციდენტს “პროვოკაციად” მიიჩნევს.

“ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების მიუღებელი აქტივობა ჩვენს საზღვრებთან ახლოს არის შეშფოთების მიზეზი”, — დასძინა მან.

ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც უკრაინის ნაწილია, რუსეთის ფედერაციას 2014 წლიდან აქვს ანექსირებული. როგორც BBC წერს, 2022 წელს მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა გააძლიერეს სადაზვერვო და სამეთვალყურეო ფრენები, თუმცა ყოველთვის მოქმედებდნენ საერთაშორისო საჰაერო სივრცის ფარგლებში.

როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ “ამერიკის ხმას” განუცხადა, “თუ მესიჯი [რუსებისგან] არის ის, რომ მათ სურთ შეაფერხონ, ან გადაგვარწმუნონ შავი ზღვის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ფრენისა და ოპერირებისგან, მაშინ ეს შეტყობინება წარუმატებელი იქნება, რადგან ეს არ მოხდება”.

კირბი ამბობს, რომ ამერიკა განაგრძობს “ფრენასა და ოპერირებას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში საერთაშორისო წყლების თავზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი