ახალი ამბები

დეპუტატმა სონღულაშვილმა რუსულ კანონზე ბოდიშის პოსტი წაშალა

11 მარტი, 2023 • 2881
დეპუტატმა სონღულაშვილმა რუსულ კანონზე ბოდიშის პოსტი წაშალა

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, რომელმაც მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავ რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ამისთვის ბოდიში მოიხადა. თუმცა მან პოსტი მალევე წაშალა.

“მინდა, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო.

არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი.

ჩემს ყველა გულშემატკივარს, ყველას, ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ყველას, ვისაც პატივს ვცემ, ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა აზრიც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მათ შორის, პარლამენტში მოსვლის დღიდან, მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ საქართველოს გამთლიანებისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა ევროპისკენაა.

ამიტომაცაა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული”, — წერდა სონღულაშილი.

11 მარტის 00:45 საათისთვის მისი პოსტი წაშლილია. საბოდიშო ტექსტი საჯაროდ ხელმისაწვდომი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო.


დავით სონღულაშვილი არის იმ 78 დეპუტატს შორის, რომელსაც საქართველოში „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონის მიღება სურდა.

2012 წლიდან, მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ, ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

აშშ და ევროკავშირი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავდა შანსს, მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც მრავალათასიანი, მძლავრი პროტესტი მოჰყვა.

ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რა დროსაც რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.

საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი